ადამიანები ისტორიები

5 წლის წინ გაჩენილი გატაცებიდან ხელოვნების მასწავლებლობამდე – სოფიო სებისკვერაძის ამბავი

ქარელელი მასწავლებელი სოფიო სებისკვერაძე მოსწავლეებთან ერთად თექას ამუშავებს, სხვადასხვა დეკორაციებს ქმნის და ნივთები გასაყიდად გააქვს.

სოფიო 25 წელია სკოლაში მუშაობს. ამჯერად, ის საციხურის და აბანოს საჯარო სკოლებში ხელოვნებას ასწავლის, თუმცა თითქმის 20 წელი რუსულის მასწავლებელი იყო.

“ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები იყოს საინტერესო, მათ მხოლოდ თეორიული კი არა, პრაქტიკული ცოდნა მიიღონ. ვხატავთ, ვძერწავთ და ვმუშაობთ თექაზე. საახალწლოდ თექის ნამუშევრები შევქმენით და გავყიდეთ. მოზარდების მხრიდან ინტერსეი დიდია. მეც მინდა, რომ მაქსიმალურად ყველაფერი შევასწავლო, იცოდნენ ეს ხელსაქმე, შეიძლება ისეთ დროს გამოადგეთ, რომ ვერც იფიქრებენ”, – გვიყვება სოფიო.

სოფიომ ხელოვნების შესწავლა 5 წლის წინ გადადაწყვიტა. ამბობს, რომ ამ სფერომ ისე გაიტაცა, გამოცდებიც ჩააბარა და ხელოვნების მასწავლებელი გახდა.

“5 წლის წინ დავინტერესდი ხელოვნებით, ვკითხულობდი, ვაკონსპექტებდი და ვსწავლობდი სხვადასხვა მხატვრების ბიოგრაფიებს. რენესანსის ეპოქის გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტე, ამ მიმართულებით გადავმზადებულიყავი. დავიწყე გამოცდისთვის მომზადება, ჩავაბარე და 10 კრედიტი ავიღე. ახლა ორ სკოლაში ვმუშაობ, საციხურის და აბანოს საჯარო სკოლებში”, – იხსენებს პედაგოგი.

სოფიო სხვადასხვა ხელსაქმითაა გატაცებული, კერავს, ქსოვს, ძერწავს. მის ნამუშევრებს სახლის და სკოლის კედლები ინახავენ.

“ვხატავ ვკერავ, ვძერწავ, ბისერებით სხვადასხვა ნამუშევრებს ვაკეთებ. ვქმნი თექისგან სამკაულებს, შარფებს და სურათებს. სამკერვალო საქმეც დამთავრებული მაქვს. ბავშვობიდან მსახიობობა მინდოდა, მაგრამ აბა როგორ გამოვიდოდი სოფელში დაბადებული ბავშვი მსახიობი, ამიტომ ამ სფეროში ვიპოვე ჩემი თავი”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.