ადამიანები ისტორიები

27 წლის ასაკში დაწყებული მხატვრობა და პერსონალური გამოფენა – ანა ბიჭიკაშვილის ნამუშევრები

ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში 32 წლის ანა ბიჭიკაშვილის ნამუშევრები გმოიფინა.

მხატვარმა დამთვალიერებელს ბოლო 5 წელში შესრულებული ნახატები წარუდგინა. ანამ გამოფენა გარდაცვლილი მამის ხსოვნას მიუძღვნა. ის პროფესიით იურისტია, თუმცა ამბობს, რომ ხატვამ მის ცხოვრებაში ყველა ის საქმე გადაწონა, რომელიც მანამდე უკეთებია.

“60-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი და დამთვალიერებელს ერთი თვის განმავლობაში შეუძლია ნახოს. ხატვა 27 წლის ასაკიდან დავიწყე. ქვეცნობიერად დალექილი ეს ემოციები ერთ დღესაც ესე წამოვიდა ზედაპირზე და გადმოვიტანე ტილოზე. გენეტიკურად ორივე მშობლისგან მაქვს ხატვის ნიჭი “, – აღნიშნავს ანა.

ანა ამბობს, რომ მხატვრობაში ერთი კონკრეტული მიმართულება არ აქვს. ამიტომ მის ნამუშევრებში ნახავთ პორტრეტებს, აბსტრაქციას, ნატურმორტებს. ნახატებში იგრძნობა ფერების სიმრავლე.

“ძირითადი და მნიშვნელოვანი, რაც ჩემთვის ხატვის პროცესში არის, ეს არის ფერების შექმნა. ერთი და იგივე საღებავიდან, როდესაც გამომყავს სხვა უამრავი ფერი, როდესაც შენი ხელით ქმნი ახალ ფერს, განა აქამდე არ ყოფილა ეს ტექნიკა, მაგრამ შენ ქმნი საკუთარი ხელით და ეს განსაკუთღებულია”.

ანას ნამუშევრები საკუთარ ოთახში ძირითადად გვიან ღამით იქმნება. გვიყვება, რომ მოლბერტს თითქმის არასდროს იყენებს, მისთვის ხატვა დამჯდარ პოზიციაში მუხლებზე დადებული ტილოზეა მოსახერხებელი.

“ნახატზე მუშაობას რომ ვიწყებ, არსდროს ვიცი, როგორი გამოვა. არის ხოლმე მომენტი, შევქმენი და მგონია დავასრულე, მაგრამ შეიძლება გავიდეს რამდენიმე დღე და ნამუშევარი შევცვალო, რაიმე დავამატო, ან საერთოდაც ერთი ხაზი გავავლო და მე ჩავთვალო, რომ ნამუშევარი დასრულდა. არის ნამუშევარი, რომელიც ორჯერ და სამჯერ შემიცვლია”.

სამომავლოდ ანა საკუთარი სტუდიის შექმნა სურს, სადაც მსურველებს ხატვის გაკვეთილებს ჩაუტარებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.