ადამიანები ისტორიები

მასწავლებელი, რომელმაც “დედა ენა” ძველ ქართულად გამოსცა

ქარელელმა მასწავლებელმა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” ძველ ქართულად თარგმა. ნამუშევარი 15 წელი ჩანთით ატარა და საბოლოოდ, სხვა ადამიანების დახმარებით წიგნად გამოსცა. 

თამილა ხაჭაპურიძე ქარელის მეორე საჯარო სკოლაში, დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობს. ის წამყვანი მასწავლებელია და უკვე 36 წელია, რაც ბავშვებს ასწავლის. 

“ჩემი დიდი სურვილია, რომ ჩემი გადამუშავებული “დედა ენა” სკოლებში დამხმარე სახელმძღვანელოდ შევიდეს, რათა მომავალ თაობებს არ დაავიწყდეთ ძველი ქართული. ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ყველა ოჯახში უნდა ინახებოდეს, როგორც ძეგლი”, – ამბობს თამილა. 

მის მიერ გადამუშავებული “დედა ენის” ეგზემპლარები ქარელის 5 სკოლის ბიბლიოთეკებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაშია შენახული. წიგნს თან ერთვის რვეული, რომელიც ძველი ქართული ანბანის სწავლებისთვის არის განკუთვნილი. 

“შემიძლია ვთქვა, რომ პირველი ადამიანი ვარ, ვინც მსგავსი “დედა ენა” გამოსცა. აქამდე ამის შესახებ საჯაროდ არავისთან მისაუბრია, რატომღაც ინტერვიუების მიცემისგან თავს ვიკავებდი”, – ამბობს თამილა და წიგნის შექმნის ისტორიას იხსენებს. 

გვიყვება, რომ “დედა ენის” გადამუშავების იდეა ტაძარში ყოფნის დროს გაუჩნდა, რადგან აღმოაჩინა, რომ ძველი ქართულით დაწერილი ტექსტების წაკითვა უჭირდა. 

“ქარელში ხარების ტაძარში ყოფნის დროს მომინდა, რომ ძველ ქართულად დაწერილი წარწერა წამეკითხა, თუმცა მისი წაკითხვა ცოტა გამიჭირდა. მივხვდი, რომ დამავიწყდა. მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, თუ მე არ მახსოვს, ჩემი ასაკის ადამიანებსაც არც ემახსოვრებათ – მეთქი. ამიტომ გადავწყვიტე სახლში მისვლისთანავე, რომ გამეხსენა ძველი ქართული ანბანი”. 

თამილა იხსენებს, რომ 5 დღე დაუთმო იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” გადაწერას  

“მოვიძიე სახელმძღვანელოები და 5 დღის განმავლობაში, დღე და ღამე ვმუშაობდი. ჩემი ხელით გადავწერე იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა”. იმხელა ენერგია მქონდა მოზღვავებული, ძილი არ მეკარებოდა. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ გავკადნიერდი, იაკობ გოგებაშვილის “დედა ენას” რომ შევეხე, თუმცა ჩემი თითქმის 40-წლიანი  საქმიანობა ამის უფლებას ალბათ მაძლევს, მე რომ ეს გავაკეთე”, – ამბობს თამილა ხაჭაპურიძე.

თამილამ ძველ ქართულად გადამუშავებული “დედა ენა”  2015 წელს გამოსცა, როგორც თავად ამბობს, კეთილი ადამიანის დახმარებით. თუმცა მან ხელნაწერზე მუშაობა 2001 წელს დაასრულა და საკუთარი ნამუშევარი 15 წელი ჩანთით ატარა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი