ადამიანები ისტორიები

20 წელზე მეტი ძამას ხეობაში – მამა საბას მრევლი ემშვიდობება 

ძამას ხეობაში, ყინწვისში კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძრის არქიმანდიტრი საბა ჟღენტი 50 წლის ასაკში გარდაიცვალა.  არსებული ინფორმაციით, მას გულმა უმტყუნა. 

იგი ეპარქიაში 1997 წელს მივიდა და  20 წელზე მეტი მსახურობდა ძამას ხეობაში. 

“საბას კოშკი დაობლდა… დიდი დანაკლისი ეკლესიისთვის, მრევლისთვის, ჩემთვის. ყველამ იცოდა ჩემს გარშემო ჩემი დიდი პატივისცემა, სიყვარული, მეგობრობა თქვენს მიმართ… როცა ვინმე მაწყეინებდა, ჩამიხუტებდით, დამარიგებდით… სულ მეიმედებოდით… მახსოვს, კეხიჯვარში, მეუფემ შენიშვნა მომცა, მე არ მეკუთვნოდა ეს შენიშვნა და რომ ვერც ვუთხარი ცრემლები წამსკდა… თქვენ იყავით ვინც მანუგეშეთ, მომეფერეთ და რამდენი კიდევ ასეთი… ყინწვისს კიდევ ერთი საყრდენი გამოეცალა მშვიდობით არა… ნახვამდის”, – წერს ლევან ყაულაშვილი. 

“მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო. უფალმა აცხოვნოს მისი სული, დაამკვიდროს, სადაცა მართალი განისვენებენ”, – ნათქვამია მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის განცხადებაში. 

მამა საბას უშუალოდ იყო ჩართული სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობისა და ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრების მშენებლობაში. 

“ამ ყველაფერში მონაწილეობას ჩვენი ახალგაზრდობა იღებს. მათ უფრო მეტად შეუყვარდებათ ჩვენი ეკლესია, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა და სამშობლო, რამეთუ თვითინ იღებენ მონაწილეობას, თვითონ იხარჯებიან საკუთარი შრომითა და ოფლით. მადლობა უფალს, რომ ქართლში არ გვაქვს ეს გაჭირვება და ახალგაზრდობა გვერდით გვიდგას”, – ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში. 

ინფორმაციისთვის, მამა საბას სახელი მედიის ობიექტში ჯერ კიდევ 2020 წელს მოექცა, როცა გავრცელდა ინფორმაცია ყინწვისის მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების შესახებ, რომლის ერთ-ერთ მონაწილედ მამა საბა სახელდებოდა. მაშინ მედიაში გავრცელებული ცნობით, მამა საბა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა, მამა დავითმა დაჭრა, თუმცა არქიმანდრიტი საბა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფდა. მან მედიასთან რამდენჯერ გააკეთა კომენტარი, სადაც ამბობდა, რომ არც დაჭრილი იყო და არც რაიმე დაპირისპირება მომხდრა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.