ადამიანები ისტორიები

გოგო, რომელმაც 12 წლის ასაკში კომპიუტერული თამაში შექმნა

ქარელელმა მოსწავლემ, მარიამ ჩინჩალაძემ 12 წლის ასაკში ანიმაციური ჟანრის კომპიუტერული თამაში შექმნა.

მარიამი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში დაიბადა და გაიზარდა. ის ამავე სოფლის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და რამდენიმე პროგრამულ ენას ფლობს. გვიყვება, რომ პროგრამირებით და აპლიკაციების შემნით პანდემიის პერიოდში დაინტერესდა, დარეგისტრირდა შესაბამის კურსებზე და დისტანციურად მიიღო ცოდნა.

“პანდემიის დროს ძალიან მოსაწყენი ცხოვრება მქონდა და გადავწყვიტე პროგრამების ენების შემესწავლა. მაქვს გამოცდილება რამდენიმე პროგრამირების ენაში, ესენია Python, Scratch, Thunkable, Mit app inventor. შევქმენი საკუთარი კომპიუტერული თამაში, რომელიც ამ ეტაპზე დასასრულებელია. თამაში უკვე შეიძლება, უბრალოდ ხარვეზები აქვს, მაგრამ აუცილებლად დავასრულებ, რადგან ამ ყველაფერში ბევრი დრო და ენერგია ჩავდე. მინდა პროგრამების კოდების დაწერა ვისწავლო, ეს მიმართლება ძალიან მაინტერესებს და მომწონს”, – გვიყვება მარიამი.

მარიამი გარდა კომპიუტერული პროგრამებისა, დაინტერესებულია ხატვით. ამბობს, რომ ჯერ ანიმაციების ხატვის სიყვარული გაჩნდა და შემდეგ დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამებით.

“პატარაობიდანვე გატაცებული ვიყავი ხატვით. პირველად ჩემი ძაღლი დავხატე, ძალიან მიყვარდა და ასე გამომეხატა მის მიმართ სიყვარული. ძირითადად ანიმეს ან მანგის დახატვა მიყვარს. დასახატად ვიყენებ გუაშს, ან შავ ფანქარს. ნამუშევრებს დღის ნებისმიერ მონაკვეთში ვქმნი, მაგრამ უმეტესად საღამოობით. გატაცებული ვარ ქუჩის მხატვრობით, მაგალითად პარკში, ან მეტროში დამიხატავს სრულიად უცხო ადამიანი”, – ამბობს მარიამი.

მარიამი სამომავლოდ ახალი თამაშის შექმნას ფიქრობს და საკუთარ თავსაც ამ სფეროში მოიაზრებს.

ბევრი ნამუშევარი მაქვს შექმნილი, რაც უფრო ახალი დახატულია, მით უკეთესია რადგან ნელ-ნელა ვსწავლობ უკეთესის შექმნას. ამ მიმართულებას არ გავაგრძელებ, უფრო ჰობის დონეზე გავყვები. რაც შეეხება პროგრამირებას, ეს უფრო სიღრმისეულად მაინტერესებს და პროფესიადაც ვფიქრობ რომ ავირჩევ. ჩემი სურვილია ჰორორ ჟანრის თამაში შევქმნა, რომელსაც იუთუბერები ითამაშებენ”, – აღნიშნავს ის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.