ადამიანები ისტორიები

“შიდა ქრთლში მხოლოდ მე შემოვრჩი, ვინც დუდუკზე უკრავს” – გიორგი გოგიჩაშვილის ამბავი

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში თვითნასწავლი მუსიკოსი გიორგი გოგიჩაშვილი ცხოვრობს, რომელიც ძირითადად ჩასაბერ საკრავებზე უკრავს.

გიორგი წლებია მარტო ცხოვრობს და როგორც თვითონ გვიყვება, დუდუკი, სალამური და ზურნა ის ინსტრუმენტებია, რომლებიც მარტოობას უმსუბუქებს და მოწყენის საშუალებას არ აძლევს.

“ჩემი მამობილი უკრავდა ხოლმე ჩასაბერ ინსტრუმენტებზე და მეც შემიყვარდა. არსად არ მისწავლია, სმენით ავითვისე სხვადასხვა საკრავი. წლებია, მარტო ვცხოვრობ. როდესაც მოვიწყენ, დაკვრას ვიწყებ და მაშინვე ყველა დარდი და ნაღველი იფანტება, ერთი სიამოვნებაა ამ დალოცვილი ტკბილხმიანი საკრავების დაკვრა და მოსმენა”.

გიორგი წლების განმავლობაში ხაშურის მედუდუკეთა ანსამბლში უკრავდა.

“ხაშურში იყო მედუდუკეთა ანსამბლი, გამოვდიოდით ხოლმე სხვადახვა ღონისძიებებზე. ვამუშავებდით ახალ კომპოზიციებს. საქართველოს მასშტაბით ბევრგან ვყოფილვართ, დავუკარით ფილარმონიის სცენაზეც. ძალიან კარგი ანსამბლი იყო, მაგრამ ის ანსამბლი დაიშალა და გული ძალიან მწყდება. მხოლოდ მე ვარ შემორჩენილი იმ ბიჭებიდან. ვიტყვი ხოლმე, ერთი მე შიდა ქართლში და მეორე ელდარ შოშიტაშვილი თბილისში-მეთქი”.

გიორგი დასაკრავად ხშირად დადის ქორწილში. ამბობს, რომ დუდუკის მოსმენის სურვილი ასაკოვან ხალხთან ერთად, ახალგაზრდებსაც აქვთ, რაც მისთვის ორმაგად სასიხარულოა.

“მუხედავად იმისა, რომ ყველა რესტორანში არიან მუსიკოსები, დამონტაჟებულია აპარატურა, დუდუკზე დაკვრის მსურველები მაინც გვყავს. მიმიწვევენ ხოლმე ქორწილში და ახალგზარდები მთხოვენ, დუდუკზე დაკვრას. მე მიხარია, რომ ინტერესი არის და მთლად დავიწყებული არ არის ძველი საკრავები”.

გიორგი ჩასაბერი საკრავების სწავლის მსურველებს უფასოდ მოამზადებს. მისი სურვილია, რომ ახალ თაობას ძველი ხალხური საკრავების მიმართ ინტერესი არ გაუნელდეს.

“ბოლო პერიოდში ახალგაზრდები დამიკავშირდნენ და მთხოვეს დუდუკის დაკვრა ვასწავლო. რატომღაც ყველას ერთულება, ჰგონიათ, რომ დიდი ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ყველაფერი ტექნიკაზეა. მთავარია, დაკვრამდე  ინსტრუმენტი დავალბოთ რომ გაიხსნას და შევძლოთ ჩაბერვა. მე ნოტები არ ვიცი, რაც შემიძლია ისაა, რომ სმენით გადავცე მსურველებს ჩემი ცოდნა და მერწმუნეთ, ასე უფრო მარტივად გამოდის ინსტრუმენტის ათვისება”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.