ადამიანები ისტორიები

საქორწილო სეფიდან საჭიდაო დარბაზამდე – კასპელი მუსიკოსების ისტორია 

წლების წინ კასპში ქორწილები მათ გარეშე არ იმართებოდა. უკრავდნენ ცალ-ცალკეც და ერთადაც. დროთა განმავლობაში, სეფაში გამართული ქორწილები და მიწვეული მუსიკოსები რესტორნებმა და იქ მუმუშავე მომღერლებმა შეცვალეს, თუმცა ჯემალი, იური და ჯუმბერი საყვარელი საქმის გარეშე მაინც არ დარჩენილან. მათმა ტრიომ საქორწილიო სეფიდან საჭიდაო დარბაზში გადაინაცვლა.

ჯემალ ყეინიშვილი პენსიონერია. ამბობს, რომ ეს საქმე მისი მეორე პენსიაა. მუსიკოსი თითქმის ყველა საკრავზე უკრავს, მაგრამ ზურნას განსაკუთრებით გამოარჩევს. საკრავი დიდმა წინაპარმა უსახსოვრა და დაკვრაც მის პატივსაცემად ისწავლა.

“დავდივართ ჩემპიონატებზე და ჩენი მუსიკით ვამხნევებთ მოჭიდავეებს. 15 წლის წინ გავერთიანდით, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, ქორწილებში ვუკრავდით ხოლმე. გვეპატიჟებიან სხვადასხვა სოფლებში, ქალაქებში, საქართველოს მასშტაბით, სადაც მიგვიწვევენ, მივდივართ”, – გვიყვება ჯემალ ყეინიშვილი.

იური ჯანანაშვილი ამ სამეულიდან ერთ-ერთია, რომელმაც დოლზე დაკვრა ისეთ პატარა ასაკში დაიწყო, რომ ინსტრუმენტის დაჭერა უჭირდა. გვიყვება, რომ სკოლის მერხზეც შეეძლო დაეკრა და სასიამოვნო ჟღერადობა გამოსვლოდა.

“სკოლაში მერხზე ვატყაპუნებდი ხოლმე. თვითნასწავლი  ვარ, მამაჩემიც მუსიკოსი იყო და მუსიკასთან ურთიერთობა პატარა ასაკიდან მქონდა. ახლა ქორწილები აღარაა, თორემ უამრავი ქორწილი ჩამიტარებია”,– იხსენებს ის.

ზურნას და დოლის შემდეგ, კლარნეტია ის საკრავი, რომელიც საჭიდაო მუსიკას განსაკუთღებულ ჟღერადობას სძენს. ჯუმბერ ბეგლარაშვილი კლარნეტზე სტუდენტობის დროიდან უკრავს, გადაწყვეტილიც ჰქონდა მუსიკალური განათლება მიეღო, მაგრამ სწავლის გაგრძელება ვერ შეძლო.

“ჩვენ ვუკრავთ მთელი ბრძოლის განმავლობაში, ვჩერდებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ბრძოლა მორჩება და გამარჯვებული გამოვლინდება. დღის განმავლობაში, 12 საათიც დაგვიკრავს. სპორტსმენები ისე არიან შეჩეულები, ყოფილა მომენტი, რომელიმე ჩვენგანი გარეთ გასულა და მუსიკა რომ არ ყოფილა, მებრძოლებს შეხვედრა ვერ დაუწყიათ. დამოკიდებულები არიან საჭიდაო მუსიკის ფონზე შერკინებას”, – ამბობს ჯუმბერი.

მუსიკოსები ამბობენ, რომ პროფესიამ ძიუდოს გულშემატკივრებიც გახადა. ამიტომ ჩემპიონატებზე მანამდე გამოვლენ, ვიდრე ამის შესაძლებლობა იქნება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.