ადამიანები ისტორიები

ჩემპიონი, რომლის სპორტული კარიერა კაკებეს აგენტურამ დაასრულა – ჯემალ ხორბალაძის ამბავი

75 წლის ჯემალ ხორბალაძე სოფელ დოესში ახალგაზრდებს ძიუდოში ავარჯიშებს. თითქმის 60 წელია, რაც საკუთარ დროს და ენერგიას სპორტის ამ სახეობას ახმარს. ყველაფერი 1965 წელს, სპორტის საჭიდაოზე დაიწყო.

“ჩვენს ახალგაზრდობაში სოფლებში იმართებოდა ხოლმე ჭიდაობა, ის იყო ჩვენი კინოც და თეატრიც, ასე გოგოებს თავს ვაწონებდით ხოლმე და რა თქმა უნდა, მეც მიყვარდა მონაწილეობის მიღება, თუმცა მაშინ ჯერ არ ვვარჯიშობდი. ამ შეჯიბრზე მოდიოდა ხოლმე ჭიდაობის ფუძემდებელი ლავრენტი კაციაშვილი, რომელმაც  შემამჩნია და მამასთან ერთად კასპში დამიბარა. როდესაც მივედით, მამაჩემს უთხრა, კარგი მონაცემები აქვს და თუ ბევრს იშრომებს და ხელს შევუწყობთ, კარგი მოჭიდავე დადგებაო. მამაჩემის სურვილი და ოცნებაც ეს იყო. ასე აღმოვჩნდი ამ სპორტში”, – იხსენებს ჯემალი.

ჯემალი 14 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, 17 წლის ასაკში კი უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში აიყვანეს.

“ჭაბუკებში გავხდი საქართველოს ჩემპიონი. სამ წელში გადამიყვანეს დიდებში, რადგან არავინ ჰყავდათ და მე ჩამწერეს, დიდებშიც გავხდი საქართველოს ჩემპიონი, აქ შემნიშნა ნაკრების მწვრთნელმა და ამიყვანეს საქართველოს ნაკრებში. ამის მერე იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი სამბოში, რომელიც ლენინგრადში ჩატარდა და მე მეორე ადგილი ავიღე. შემდეგ ჩატარდა შესარჩევი უკვე ძიუდოში, რომლის საშუალებითაც ევროპის ჩემპიონატზე წასასვლელი სპორტსმენთა ვინაობა უნდა გამოევლინათ. ძიუდო საქართველოში არ არსებობდა, ეს მხოლოდ საბჭოთა კავშირში იყო. ისე მოხდა, რომ 17 წლის საბჭოთა კავშირის ნაკრებში ამიყვანეს. მერე გადამიყვანეს ახალგაზრდებში, ანუ 21-წლიანებში და შემდეგ უკვე დიდების ნაკრებში, სადაც ხელფასი საცხოვრებელი და კვება მქონდა”, – გვიყვება ხორბალაძე.

ჯემალ ხორბალაძის სპორტული მოღვაწეობა 1972 წელს 21 წლის ასაკში მოულოდნელად დასრულდა. ის მაშინ ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადებოდა. ჯემალი გვიყვება, რომ ფაქტი რომელიც მოხდა, საბედისწერო აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.

“ოლიმპიადამდე გერმანიაში წავედით, თუ იქ მოვიგებდი, ჩემპიონატზე გავიდოდი. ჩენი ჩასვლის შესახებ იქაურმა პრესამ ჩემს შესახებ დაწერა. მეორე დღეს სასტუმროს ადმინისტრაციამ მამცნო, რომ ვიღაც იყო ჩემს სანახავად მოსული. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დედაჩემის ბიძა, რომელიც ომის შემდეგ დარჩა და იქ დასახლდა. ჩემი გვარი რომ წაიკითხა, მიხვდა, ვინც ვიყავი და მომაკითხა. მისი ნახვა კი გამიხარდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ჩვენს წარმომადგენლებს რომ გაეგოთ, მე შეჯიბრიდან მომხსნიდნენ და საქართველოში ჩამოსულს დამიჭერდნენ. გავედი შეჯიბრზე, ვიჭიდავე და გადაწყვეტილია, მე ოლიმპიადაზე მივდივარ. მოვიფიქრე, რომ ჩემი გერმანიაში მყოფი ნათესავების შესახებ არაფერი მეთქვა და დამემალა, ეს შევათანხმე ბიძაჩემთან და სასტუმროს ადმინისტრატორთან. გამარჯვების მერე გაიმართა ბანკეტი, სადაც მაინც გამჟღავნდა ჩემი და ამ კაცის ახლობლობა. ეს მოისმინა კაკებეს აგენტმა, რომელიც ჩვენ გვახლდა. აეროპორტში დამაკავეს ჩემს ტრენერთან ერთად. 28 საათი გავატარეთ პატიმრობაში, შავი პური და წყალი გქვონდა მხოლოდ. ჩემი საქმე ერთ მეგრელ კაცს ებარა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ჩემი საბუთები დაიკარგა, მას შემდეგ აღარც ნაკრებში გამოვუძახივარ არავის და ჩემი კარიერაც დასრულდა”, – ამბობს ჯემალი.

სპორტული კარიერის დასრულებსი შემდეგ ჯემალმა მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, ამასაც დაანება თავი.

“ბევრი გულისტკენები მახსოვს ამ სპორტიდან, ბევრი იმდედგაცრუება, ამიტომ გარკვეული პერიოდი მწვრთნელობასაც შევეშვი. რომ არა ჩემი მეგობარი ნუგზარ მამულაშვილი, შეიძლება ამ სპორტს არც დავბრუნებოდი. სორტული კარიერის დასრულების შემდეგ გავზარდე ერთი პატარა ბიჭი, რომელიც 2 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მერე ინტერვიუ ჩამოართვეს ამ ახალგაზრდას და ჩემი გვარი არ თქვა, ესეც ისეთი რთული იყო ჩემთვის, მე რამე ფინანსური სარგებელი კი არ მინდოდა, უბრალოდ ჩემი შრომის დაფასებაზე იყო საუბარი,  მხოლოდ ჩემი სახელის ხსენება, სხვა არაფერი. ამის მერეც, როგორც მწვრთნელს, გული ამიცრუვდა და სხვა საქმის კეთება დავიწყე”, – აღნიშნავს ის.

ჯემალი დაახლოებით 10 წელია საკუთარ სოფელში ავარჯიშებს ახალგზარდებს. ჰყავს საქართველოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები. მამის გზას გაჰყვნენ მისი შვილები და ამ გზას აგრძელებენ შვილიშვილებიც. ამბობს, რომ ეს ფაქტი მას განსაკუთრებით აბედნიერებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.