ადამიანები ისტორიები

ნახევარი საუკუნე სპორტში – 66 წლის ნუგზარ მამულაშვილის ისტორია

15 წლის იყო, ვარჯიში რომ დაიწყო. ამბობს, რომ მაშინ მისი მიზანი გამოცდებიდან გათავისუფლება იყო. მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა და სპორტი მისი ცხოვრების განყოფელ ნაწილად იქცა.

“15 -16 წლისამ დავიწყე ჭიდაობა. მაშინ სოფლის ჭიდაობები იმართებოდა ხოლმე, მე არ ვვარჯიშობდი, მაგრამ მაინც ვიჭიდავე და  ერთი წარმატებული სპორტსმენი დავამარცხე. ამის შემდეგ ჩემი მომავალი მწვრთნელი ლავრენტი კაციაშვილი აღარ მომეშვა, მოდი, კარგი მონაცემები გაქვს, თან სკოლის გამოცდებიდან გაგათავისუფლებო და ასე დავიწყე ჭიდაობა. მალე საქართველოს ჩემპიონი გავხდი, მაშინ სამბოს ვჭიდაობდი”, – გვიყვება ნუგზარი.

ნუგზარი წლების განმავლობაში სამბოსა და ძიუდოზე ვარჯიშობდა, თუმცა 23 წლის ასაკში აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და ახალი თაობის აღზრდას მიუძღვნა თავი. ის უფროსი მწვრთნელის ტიტულს ატარებს და სოფელ მეტეხში ბავშვებს ავარჯიშებს. 

“დაახლოებით 38 წელია სამწვრთნელო კარიერას მივყვები. ჩვენს სოფელში აშენდა სპორტკომპლექსი, იქ დავინიშნე დირექტორად და დავიწყე ბავშვების მომზადება. ბევრმა თაობამ გაიარა ჩემ ხელში, აღვზარდე საქართველოს, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონები. ახლაც მყავს სხვადასხვა ტიტულის სპორტსმენები, რომლებიც ჩემი აღზრდილები არიან. 80-85 ბავშვი მყავდა ხოლმე პირველ წლებში, ახლა უფრო აღარაა იმდენი მსურველი, როგორც მაშინ. ვარჯიშის დროს ჩოხა მაცვია და ვვარჯიშობ. ადრე ვეჭიდავებოდი კიდეც ახალგაზრდებთან, ახლა რაც წლები გადის, აღარ ვჭიდაობ”, – ამბობს ნუგზარი.

ნუგზარი ბავშვებს, როგორც სამბოში, ასევე ძიუდოშიც ავარჯიშებს. ამბობს, რომ ახალ თაობას უფრო ძიუდო აინტერესებს, რადგან ეს ოლიმპიური სახეობაა.

“ახალგაზრდბი ახლა უფრო ძიუდოთი არიან დაინეტრესებულები, რადგან ოლიმპიური სახეობაა და ყველას აქვს ის ამბიცია, რომ თუ იშრომებენ ოლიმპიადაზეც გავლენ. ამჟამად, მეტეხში 40-50 ბავშვი ვარჯიშობს. განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა მატება, თუ რომელიმე სოფლის წარმომადგენელი სპორტსმენი გამარჯვებული გახდება, იმ სოფლის ბავშვებს მოტივაცია ეძლევათ და უნდათ მათაც ისწავლონ ეს სპორტი”, – ამბობს ნუგზარი.

მამის საქმიანობას ნუგზარის შვილები და შვილიშვილები აგრძელებენ.

ჩემი შვილებიც ჭიდაობდნენ, ორივეს გამარჯვებები აქვთ, ერთ-ერთი ნაკრების მწვრთნელია, მეორემ დაანება სპორტს თავი. ყოველთის მინდოდა ამ სპორტს გაყოლოდნენ, ჩემი შვილები, სხვაზე არაფერზე მიფიქრია. ახლა ჩემი შვილიშვილი ვარჯიშობს, მიუხედავად იმისა, რომ სხვა სპორტი აინტერესებს, ვცდილობ, ჭიდაობა არ მიატოვოს, რადგან მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს”, –  აღნიშნავს ნუგზარი.

ნუგზარ მამულაშვილს მოგებული აქვს საქართველოს ჩემპიონატი და სპარტაკიადა. ის ასეევე ასპარეზობდა საბჭოთაკავშირის ჩემპიონატის ფილაშიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.