ადამიანები ისტორიები

ფეხბურთელობიდან და მასწავლებელობამდე – ლელა ბერაძის ამბავი წრომის სკოლიდან

ხაშუში მცხოვრები 26 წლის ლელა ბერაძე სოფელ წრომში სპორტის მასწავლებლად მუშაობს. სპორტის მიმართ სიყვარული პატარა ასაკიდან აქვს. ის ჯერ ფეხბურთის გულშემატკივარი, შემდეგ კი მოთამაშე გახდა. ლელა წლების განმავლობაში ხაშურის “ივერიაში” თავდამსხმელის პოზიციას იკავებდა.

უმაღლესი განათლება სასულიერო სემინარიაში მიიღო, ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ საბოლოოდ მაინც სპორტს დაუბრუნდა და მშობლიურ სკოლაში მასწავლებლობა გადაწყვიტა.

“ბავშვობიდან მქონდა სპორტული მონაცემები და მიყვარდა ფეხბურთი. პირველად, დედამ წამიყვანა ხაშურის “ივერიაში”. კი არის სტერეოტიპი, გოგომ რატომ უნდა ითამაშოს ფეხბურთი, მაგრამ რატომ არა თუ ეს მისი სურვილია?! დედას რომ დაეძალებინა და სხვა წრეზე ვეტარებინე, არ მენდომებოდა, მივედი იმაზე, რაც მინდოდა, მიყვარდა და მომწონდა. 6-7 წლიდან უკვე შეუძლია მოზარდს საკუთარი არჩევანი გააკეთოს და მისი სურვილისამებრ შევიდეს სპორტზე”.

ორი წელია, ლელა წრომის სკოლაში სპორტს ასწავლის. ამბობს, რომ ბავშვებთან ურთიერთობა განსაკუთრებით უყვარს.

“საგაკვეთილო პროცესში სრულიად ჩართული ვარ, მათთან ერთად ვვარჯიშობ, ვთამაშობ, კარებშიც ვდგები ხოლმე. უდიდესი სიყვარული მაქვს ამ საქმის მიმართ. სკოლას აქვს მოედანი, რომელიც საკუთარი ხელით მოვაწყე. როდესაც კარგი ამინდია, გაკვეთილს, რა თქმა უნდა. გარე სივრცეში ვატარებ. მაქვს გაწერილი გეგმა, ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, კვებაზე, ჰიგიენაზე. საგაკვეთლო პროცესი სახალისო რომ იყოს, ვთამაშობთ, გვაქვს მაგიდის ჩოგბურთი, მინდა რომ მრავალფეროვანი იყოს ჩემი გაკვეთილები”.

ლელა მოსწავლეებს ინფორმაციას სპორტის სხვადასხვა სახეობებზე აწვდის. ფიქრობს, რომ ასე მათ ინტერესს იგებს და ამ მეთოდით ცდილობს მიმართულების მიცემას.

“ბავშვებმა იციან, რომ მათი პედაგოგი ფეხბურთელი, რომ იყო და მეკითხებიან ხოლმე ჩემს განვლილ სპორტულ მოღვაწეობაზე. ბევრს ვსაუბრობთ სხვადასხვა ჩემპიონატებზე, რაც საქართველოში, ან მსოფლიოში ხდება. განვიხილავთ რა მოეწონათ, რა არა. ვურჩევ, რომ სპორტის ამბებს გაეცნონ. იციან, რომ საქართველოს ნაკრები კალათბურთში, მსოფლიო ჩემპიონატზე გადის და ამასაც შეხედონ. სპორტის სხვადასხვა სახეობებზე მაქსიმალურად ვაწვდი ინფორმაციას, ამით ვიგებ მათ ინტერესებს, რის შემდეგაც შემიძლია, როგორც პედაგოგმა მიმართულება მივცე, თუ რა სპორტით უნდა დაკავდნენ და სად უნდა მოსინჯონ საკუთარი შესაძლებლობები”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.