ადამიანები ისტორიები

სადღესასწაულო დეკორაციები პატარებისთვის – ახალგაზრდა წყვილის წამოწყება

კასპში ახალგაზრდა წყვილმა ნათია ჯიქურმა და გურიკა შალუტაშვილმა დაახლოებით სამი წლის წინ სადღესასწაულო დეკორაცების დამზადება დაიწყეს.

ნათია და გურიკა ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობდნენ. პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც ცენტრი დროებით დაიხურა, გადაწყვიტეს ბავშვებისთვის გასართობი სივრცე სახლში მოეწყოთ. დაამზადეს დეკორაციები, შეიმუშავეს გასართობი პროგრამა და მიიღეს პირველი შეკვეთა.

“მე და ჩემი მეუღლე ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობდით. პანდემიის გამო, მოგვიწია ყველაფრის გაჩერება. იმის გამო, რომ კასპელი ბავშვები ცენტრში ვეღარ ერთობოდნენ, გადავყვიტეთ, მათი სახლების გალამაზება და მათივე სახლებში გართობა, ჩვენი აქსესუარებით და პროგრამით. პირველად ახლობლის ბავშვს გავუფორმე დაბადების დღე”, – გვიყვება ნათია.

წყვილი სადღესასწაულო დეკორაციებს თავად ქმნიან. ამბობენ, რომ ამას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

“სახლში გამოყოფილი გვაქვს შესაბიმისი ფართი, სადაც იწყობა დეკორაციები, ყველაფერში მეხმარება მეუღლე. ვაფორმებთ დაბადების დღეებს, ქორწილებს, ნათლობებს და ა.შ. ძალიან სასიამოვნოა დამზადების პროცესი და საკმაოდ დრო სჭირდება, დაახლოებით 4-5 საათი უნდა ერთი დეკორის შექმნას”, – ამბობს ნათია.

წყვილმა საკუთარ ბრენდს, ერთ-ერთი მურტფილმის სახელი “ზამბეზია” შეურჩია. ნათია გვიყვება, რომ მათ წამოწყებას უკვე ბევრი მომხმარებელი და  გულშემატკივარი ჰყავს.

“ჩემს ქალაქში არავინ იყო, ვინც ამ საქმეს ემსახურებოდა და არ შემრცხვება, თუ ვიტყვი, რომ პირველები ვიყავით, ვინც დაიწყო სადღესასწაულო აქსესუარების დამზადება. ჩემს წამოწყებას მალევე დიდი გამოხმაურება მოყვა და გაიზარდა შეკვეთების რაოდენობაც. მომავალში ვგეგმავთ ამ საქმის გაფართოებას და სხვა ადამიანების ჩართვას”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.