ადამიანები ისტორიები

შვილისთვის შეკერილი ბაფთა, რომელიც მცირე ბიზნეს იდეად იქცა

დაახლოებით ორი წლის წინ სოფო ქერიჭაშვილმა თმის აქსესუარების დამზადება დაიწყო. პანდემიის დროს სოფოს სახლში ყოფნა მოუწია და გადაწყვიტა მცირეწლოვანი შვილის გასახალისებლად მისთვის ბაფთები შეეკერა. მისმა ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ახალგაზრდა ქალს გაუჩნდა იდეა ეს საქმე დამატებითი შემოსავლის წყაროდ ექცია.

“პირველად ჩემს შვილს შევუკერე ბაფთა, ხავერდის ნაჭრისგან. პანდემია იყო და სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ამიტომ ჩემი გოგონას გახარება გადავწყვიტე. მე თვითონ ისე მომეწონა, ვიფიქრე, ეს საქმიანობა დამატებით შემოსავლის წყაროდ მექცია. სამსახურში რომ გავედი, იქაც მიმქონდა ხოლმე მასალები და ვაკეთებდი ბაფთებს”, – გვიყვება სოფო.

სოფო პატარა ასაკიდან ქარგავს და კერავს.  კერვა ბებომ ასწავლა. სწორედ ბავშვობაში ნასწავლი ხელსაქმე გამოიყენა ახლაც და ბაფთებს ნაქარგობები გაუკეთა.

“ვკერავდი სხვადასხვა ფერის და ნაჭრის ბაფთებს. გადავწყვიტე, რომ ჩემი ნაწარმი უფრო გამელამაზებინა,  ამიტომ ბავშვობაში ნასწავლი ხელსაქმე გავიხსენე. პატარა ასაკში კარგად ვქარგავდი ხოლმე. ვიფიქრე, მოდი ბაფთებსაც დავაქარგავ-მეთქი. გასახსენებლად ინტერნეტში ვიდეოებს ვუყურე და მას შემდეგ ჩემს მომხმარებელს უფრო დახვეწილი და ლამაზი ნაწარმი შევთავაზე”.

სოფო ბაფთებთან ერთად, თმის სხვა აქსესუარებსაც აკეთებს. ის აპირებს მომავალში მომხმარებელს დაქარგული საყელოებიც შესთავაზოს.

“ახლა ბოლოზარის წინა პერიოდია და ძირითადად თეთრ ბაფთებზე მაქვს შეკვეთა. მომხმარებელი მყავს, როგორც ქარელიდან, ასევე სხვა ქალაქებშიც. ვაგზავნი საზღვარგარეთ, ემიგრანტებისთვის. ახლა ვმუშაობ საყელოებზე, რომელსაც ნაქარგებს გავუკეთებ. სულ მალე მომხმარებელს ამ ნამუშევრებსაც შევთავაზებ“.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.