ადამიანები ისტორიები

ხაშურის მემატიანე, რომელიც 100 ზე მეტი კრებულის ავტორია – თამაზ ლაცაბიძის ისტორია

“ხაშურს თავისი მემატიანე ჰყავს”, – ასე ამბობენ ადგილობრივები ისტორიკოს თამაზ ლაცაბიძეზე, რომელიც, 45 წელია, ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ხელმძღვანელობს და იკვლევს მოსახლეობას, გვარებს და მათ ისტორიებს. ლაცაბიძეს საკუთარ ქალაქზე 100-მდე ისტორიული კრებული აქვს შექმნილი და გამოცემული.

ხაშურის ისტორიის კვლევის საქმეში უდიდესი წვლილისათვის თამაზ ლაცაბიძეს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამბობს, რომ ერთი ცხოვრება ცოტაა ამ საქმისთვის და გული სწყდება, რომ სხვა მხარეზე, სხვა კუთხეზე ვერ იმუშავა.

როდესაც წარსულს ვეხები, საოცარი განცდა მეუფლება, მისი ნაწილი ვხდები. მე ძირითადად ხაშურზე ვმუშაობ. ვეცნობი ძველ დოკუმენტებს, ვკითხულობ სახელებს, გვარებს. მგონია, რომ მეც იქ ვარ, მონაწილე ვარ ამ ისტორიის. 1991-92 წლებში ვიყავი ქალაქის მერი, ეს ყველაზე ცუდი პერიოდი იყო, რადგან არ იყო საშუალება გეკეთებინა საქმე. ეგ პერიოდი ჩემს ცხოვრებაში გაცდენილია”, – გვიყვება ლაცაბიძე.

ლაცაბიძე ამბობს, რომ როგორც ისტორიკოსს, ყველა ეპოქა აინტერესებს, მაგრამ თუ ჰკითხავთ რომელ პერიოდში ისურვებდა ცხოვრებას, გიპასუხებთ, რომ ერეკლე მეფის პერიოდში დაიბადებოდა და მოღვაწეობას დიმიტრი ყიფიანის პერიოდში გააგრძელებდა.

“მე ერეკლე მეცოდება, როგორც კაცი, როგორც მეფე, მისი რიგითი ჯარისკაცი ვიქნებოდი. არავინ არ იფიქროს, რომ მას საქართველო არ უყვარდა და არ აღელვებდა ქართველების ბედი. საისტორიო არქივში ერთი დოკუმენტი დევს. ზემო ქართლის ამილახვარს ერეკლე უგზავნის წერილს, რომლის წაკითხვისას ხვდები, რომ ის სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას საკუთარ ქვეყანაში და ისეთ დავალებებს აძლევს პასუხისმგებელ პირებს, რომ გაგიკვირდება, თითქოს კომპიუტერი უჭირავს და ხედავს ყველაფერს. წერილში ასეთი ფრაზაა, „ახლა მე ამ წერილს ცხენის კისერზე ვწერ“, ესეიგი კაცს დროც არ ჰქონდა მშვიდად ეწერა. ამის შემდეგ შეიძლება ქვეყნის უსიყვარულობა დააბრალო მას?!”, – აღნიშნავს ის.

ლაცაბიძე ამბობს, რომ ისტორიკოსობა იმდენად რთული და დაბალანაზღაურებადი საქმეა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა არავისთვის ურჩევია, არც საკუთარი შვილებისთვის.

წლების განმავლობაში უხელფასოდ ვიყავი, ამიტომ შვილებისთვის ჩემი პროფესია არ მირჩევია. მეუღლე სტომატოლოგია და ის რომ არ ყოფილიყო, მე ვერ შევძლებდი ჩემს სფეროში მუშაობას, მან გადაარჩინა ჩემი ოჯახი, ფინანსურად სულ ის იყო.”, – ამბობს თამაზი.

ლაცაბიძე ახლა 13 სხვადასხვა წიგნზე მუშაობს, რომელსაც გამოსაცემად ამზადებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.