ადამიანები

მოხუცები ქარელის თავშესაფრიდან – ვისთვის როგორია სიბერე?

“სალბუნი” მოხუცთა თავშესაფარია, რომელიც ქარელში მდებარეობს და ამჟამად, 13 ადამიანზე ზრუნავს. თავშესაფარში ცხოვრება გაცილებით მეტ მოხუცს უნდა, თუმცა ყველა მსურველზე პასუხისმგებლობის აღებას დაწესებულება ვერ ახერხებს.

“საცხოვრებელ ფართს ვიცვლით და შემდეგ ვნახოთ, რამდენი მოხუცის დამატება შეგვეძლება. ამ ეტაპზე ფართი მეტის დამატების საშუალებას არ გვაძლევს. მეც მათთან ერთად ვცხოვრობ და მათთან ერთად ვიზიარებ მათ სიხარულს და გაჭირვებას”, – გვეუბნება ლალი ჩუბინიძე, თავშესაფრის უფროსი. 

ლალიმ “სალბუნი” 2019 წელს შექმნა. თავშესაფრის გახსნის იდეა ემიგრაციაში ყოფნის დროს გაუჩნდა, მაშინ, როცა მოხუცებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უვლიდა. 

“წლების მანძილზე მოხუცებს ვუვლიდი. აქედან გამომდინარე, მივიღე ეს გადაწყვეტილება. 60 წლისა ვარ, მე ემიგრაციაში ვეღარ წავიდოდი და გადავწყვიტე, აქ დავკავებულიყავი იგივე საქმით და გამომივიდა კიდეც. მინდა, რომ ამ თავშესაფარმა მთელი ცხოვრება იარსებოს. მე ამ მოხუცებთან ურთიერთბაში ვიპოვე შვება”. 

ლალი მთელ თავის ცხოვრებას თავშესაფრის ბინადრებთან ერთად ატარებს და თითქმის ყველაფერი იცის მათი წარსულის, ამჟამინდელი დარდების და ოცნებების შესახებ. 

ნუნუ ჯომარდაშვილი, 76 წლის:

ნუნუ ჯომარდაშვილი რუისიდან არის. 43 წელი ის ამ სოფლის სკოლაში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.

“შემდეგ, როდესაც მოვხუცდი და მივხვდი, რომ თავის მოვლა აღარ შემეძლო და არც არავინ იყო, ვისაც ჩემი მოვლა შეეძლო, მარტოხელა ვარ, მოვიძიე ინფორმაცია თავშესაფრის შესახებ და მოვედი აქ. ძალიან მიყვარს ბავშვები და სკოლა. ეხლა აქ რომ სიჩუმეა, შეგუება მიჭირს. მინდა, რომ ხმაური იყოს ჩემს ირგვლივ, როგორც ეს სკოლაში იყო”.

ნუნუსთვის განსაკუთრებით ბედნიერი ის დღეებია, როცა მას მეგობრები სტუმრობენ. 

“მოდიან ჩემი მეგობრები, მაკითხავენ, მაგრამ ყველას თავისი პრობლემები აქვთ და ხშირად ვერ მოდიან. ჩემი მოსწავლებიც მოდიან, ვინც ქარელში ცხოვრობენ, ისინი”. 

მერაბ ელბაქიძე, 72 წლის:

მერაბი ელბაქიძე თავშესაფარში ქვემო ხვედურეთიდან მივიდა. ეს გადაწყვეტილება დის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. 

“გული მაინც ძალიან მწყდება, როდესაც ვუყურებ სხვა ბინადრებს როგორ ურეკავენ, კითხულობენ ახლობლები, ჩემთან კი არავინ მიდის. ერთ დროს იმდენი მეგობარი მყავდა, ახლა კი ერთიც არავინ მკითხულობს. სანამ და ცოცხალი მყავდა, ჩემი პატრონი ის იყო. როდესაც ის გარდაიცვალა, უპატრონოდ დავრჩი.”

მერაბს ერთადერთი ნატვრა აქვს – დღეში ერთი კოლოფი სიგარეტი მიუტანონ ხოლმე. 

შუქრი პეტრიაშვილი:

შუქრი პეტრიაშვილი ქარელის მოხუცთა თავშესაფარში საჩხერიდან ჩამოვიდა. ის “სალბუნში” მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. 

“17 წელი მაღაროში ვმუშაობდი, ბავშობა ძალიან გაჭირვებაში გავატარე, თუმცა მოვახერხე და ოჯახი შევქმენი, შვილებიც მყავს. შვილებს დღეს თავიანთი ოჯახები აქვთ, სოფლიდან წავიდნენ, ქალაქში პატარა ბინებში ცხოვრობენ. მე მათ ვერ დავემატებოდი. ვგრძნობდი, რომ ზედმეტი ვიყავი, ამიტომ გადავწყვიტეთ თავშესაფარში მოვსულიყავით”.

ოჯახი მე-4 წელია, რაც თავშესაფარში ცხოვრობს.

“გარემო ძალიან კარგია, უბრალოდ მუშაობას რომ ვარ მიჩვეული, ასე უმოქმედოდ ყოფნა მიჭირს. შვილებს კი გული სწყდებათ, რომ მამა-პაპის დანატოვარი სახლ-კარი დავტოვეთ და აქ გადმოვედით, მაგრამ ავადმყოფობის გამო, მე შრომა აღარ შემეძლო. მათ კი ქალაქში ცხოვრება უნდოდათ და სოფლის საქმეში ვერ მეხმარებოდნენ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი