სტატიები

მერის წარმომადგენლებს კარალეთსა და ზეღდულეთში მესამე ასისტენტს დაუმატებენ  

გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კარალეთსა და ზეღდულეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს თითო-თითო ასისტენტები ემატებათ. შედეგად, ამ ორ წარმომადგენლს უკვე 3 ასისტენტი ეყოლება. 

მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ კადრის დამატების გადაწყვეტილება საჭიროებიდან გამომდინარე მიიღეს. ისინი ფიქრობენ, რომ დიდ ადმინისტრაციულ ერთეულებში, ადმინისტრაციულ დასახლების სიმრავლიდან გამომდინარე, მერის წარმომადგენლისთვის 2 ასისტენტი საკმარისი არაა. 

“აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ასისტენტების რაოდენობა გაიზარდოს ორი საშტატო ერთეულით. მგონია, რომ ამით არაფერი დაშავდება”, – განმარტა კარალეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მამუკა ბაზანდარაშვილმა.

გადაწყვეტილებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. პარტიის “საქართველოსთვის’ წევრების თქმით, კადრების დამატების საჭიროება ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა. 

“ჩვენ ვიკითხეთ, რა უნდა გააკეთონ ამ ადამიანებმა და პასუხი სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. გვითხრეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა შეისწავლონ, რაც არასერიოზული პასუხია ჩვენთვის”, – განაცხადა მერაბ გოხელაშვილმა, ფრაქციის “გორი-საქართველოსთვის”წევრმა.

მმართველი პარტიის ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული ასისტენტის ხელფასი 950 ლარი იქნება. ორი ასისტენტის დამატების შემდეგ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირების – გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების ასისტენტების რაოდენობა გაიზრდება და ნაცვლად 63 საშტატო პოზიციისა განისაზღვრება 65 საშტატო პოზიციით.

დატოვეთ კომენტარი