სტატიები

86 259 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის – რას გეგმავს კასპის მერია

კასპის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო ღონისძიებების მომსახურებას გამარტივებული წესით შეიძენს. შესაბამისი თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უკვე გასცა.

გადაწყვეტილებას თან ერთვის განმარტებაც, რომელიც ტენდერის გარეშე აღნიშნული მომსახურების შეძენის მიზეზს ხსნის.

” საახალწლო ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2022 წლის 27 დეკემბერს. ვინაიდან დარჩენილი დრო არ არის საკმარისი ელექტრონული ტენდერის პროცედურების განსახორციელებლად, ღონისძიების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით და შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შემსყიდველ ორგანიზაციას მიზანშეწონილად მიაჩნია, ღონისძიებისთვის აუცილებელი მომსახურების შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განკარგულებაში.

საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში კასპის მერია 86 259 ლარს გადაიხდის, რომელიც უწყებამ 2022 წლის ბიუჯეტიდან გამოყო.

“5 დეკემბერს შევიდა ცვლილება კასპის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში და გამოიყო თანხა 86 259 ლარის ოდენობით, რაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის ინიციატივის გათვალისწინებით და წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი”, – განმარტავს კასპის მერია.

წინასაახალწლო ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც კასპში 27 დეკემბერს გაიმართება ასეთია:

  • კონცერტები;
  • საშობაო ბაზრობების, გამოფენა-გაყიდვების, საბავშვო გასართობი სივრცეების, ფოტო-გადასაღები ზონებისა და საახალწლო ინსტალაციების მოწყობა;
  • მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვების თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონია, ფოიერვერკი და სხვა.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.