ბლოგები

რა მნიშვნელობა აქვს ეკოკლუბებს სასკოლო ცხოვრებაში?

ავტორი: მარინა ომანაშვილი, წამყვანი მასწავლებელი

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა მდგრადი განვითარების მიზნების გათავისება და შესრულებაა. ვფიქრობ ეს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ჩემს მოსწავლეებს ხშირად ვესაუბრები ამ საკითხზე და ყველა შესაძლებლობას ვიყენებ, რომ ჩვენი სკოლის ეკოკლუბი მაქსიმალურად ჩავრთო პროექტებში, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების შესასრულებლად აქტივობებს განახორციელებენ. ერთ-ერთი ასეთი ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაა,  ეკოკლუბების კონკურსი.

კონკურსის პირობის მიხედვით, კლუბები ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, აგროვებენ ქულებს, რომლებსაც ნერგებს ვუწოდებთ. ქულების დაგროვება ხდება იმ აქტივობების განხორციელებით, რომლებიც ეხმიანება მდგრადი განვითარების 17 მიზანსა და მის 169 ინდიკატორს. ინდიკატორებზე  შეთანხმდა გაეროს ყველა წევრი ქვეყანა და მიიჩნევა, რომ მათი შესრულება უნდა განხორციელდეს 2030 წლამდე. მდგრადი განვითარების 17 მიზანი ეხება გლობალურ გამოწვევებს: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე, კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვას.

კასპის მესამე საჯარო სკოლის ეკოკლუბი “ლორაქსი“  ჩამოყალიბდა 2022 წლის მიწურულს. დეკემბრის 26-ში დავრეგისტრირდით ეკოკლუბების პორტალზე და გავხდით დიდი ოჯახის წევრი.

თავდაპირველად გაუცნობიერებლად დავიწყეთ აქტივობების განხორციელება, თუმცა შემდგომ ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე შეიძინა. ვცდილობდით ჩვენი ყველა აქტივობა ყოფილიყო მრავალფეროვანი და მორგებული მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანზე.

როგორ გახდა ეკოკლუბი “ლორაქსი“ შიდა ქართლის ლიდერი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული?

მუშაობის პროცესმა აჩვენა, რომ ეკოკლუბელები მიისწრაფოდნენ გარემოსდაცვითი მიმართულებით თანატოლთა ცნობიერების ამაღლებისკენ. ასევე უპირატესობას ანიჭებდნენ ადამიანთა უფლებებზე საუბარს. ტრეფიკინგი, რასიზმი, ბულინგი და კიდევ ბევრი პრობლემური თემა გამოჰქონდათ სამსჯავროზე. სასაუბროდ ვიყენებდით როგორც ZOOM-ის პლატფორმას ასევე სასკოლო სივრცეს, თუ პანდემია მოგვცემდა ამის საშუალებას.

ეკოკლუბის მოწვეული სპიკერები იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენმა მონდომებამ შედეგი გამოიღო და ეკოკლუბი ,,ლორაქსი“ ნერგების რაოდენობით გახდა შიდა ქართლის ლიდერი. ასევე გამარჯვება მოვიპოვეთ ნახევარფინალშიც და მოვხვდით ფინალში. ეს ჩვენი კლუბისთვის გამარჯვების ტოლფასი იყო, რადგან დებიუტანტი სკოლისთვის ფინალისტობა და შემდგომ ფინალში განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს რჩეულად დასახელება მარტივი საქმე არ გახლდათ.

რა მოგვცა ჩვენმა საქმიანობამ?

გაგვხადა თავდაჯერებული ეკოკლუბელები – მოსწავლეები ფიქრობენ სხვა სკოლებს გაუწიონ დახმარება კლუბის ჩამოყალიბებაში. განხორციელდა მდგრადი აქტივობები – გამწვანდა ქალაქის ცენტრი, რაშიც ეკოკლუბი აქტიურად იყო ჩართული; ასევე გამწვანდა მეოთხე საბავშვო ბაღის ტერიტორია. მნიშვნელოვანია აგრეთვე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები, რომლებიც ეკოკლუბმა “ლორაქსმა“ გააფორმა ქალაქის მერიასთან, საკრებულოსთან და ტექნოპარკთან.

ეკოკლუბში ოფიციალურად  ცხრა მოსწავლე ერთიანდება. “ლორაქსელების“ დამსახურება ისაა, რომ მათ თანასკოლელთა დიდი ნაწილი ჩააბეს კლუბის საქმიანობაში და მათი დახმარებით, გავიდნენ მგდრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზანზე.

დატოვეთ კომენტარი