ბლოგები

როგორ მოვიპოვოთ დაფინანსება სამეწარმეო საქმის წამოსაწყებად?

ავტორი: თამარ ობლიშვილი

სამეწარმეო საქმიანობის დასაწყებად, სურვილის, მონდომების და შრომის გარდა, მნიშვნელოვანი კომპონენტი იდეის ფინანსური უზრუნველყოფაა. დამწყები მეწარმეებისთვის არ არის მარტივი ფინანსებზე ხელმისაწვდომობა – ბანკები და სხვა საფინანსო ორგანიზაციები, ხშირად თავს იკავებენ ახალი ბიზნესის დაფინანსებაზე და სწორედ აქ აწყდებიან სტარტაპერები პირველ პრობლემებს. მსგავს შემთხვევაში კარგი ალტერნატივაა საგრანტო კონკურსებში მონაწილეობა.

რა არის საგრანტო კონკურსების ძირითადი მიზანი?

საგრანტო პროექტების მიზანი დამწყები და არსებული მცირე მეწარმეების ხელშეწყობა, ცოდნის გაღრმავება, სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისათვის მეტი შესაძლებლობების შექმნაა. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ახალგაზრდების, ქალების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობის ფინანსურ მხარდაჭერას. ყველა დონორის მიზანია გააუმჯობესოს სოფლის განვითარების პოლიტიკის მართვა და სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაცია, დასაქმება და მომსახურება.

პროექტებში მონაწილეობა მხოლოდ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას არ გვაძლევს. ეს არის საშუალება მონაწილეობა მივიღოთ ტრენინგ კურსებში, გავიღრმავოთ სამეწარმეო ცოდნა, ვისწავლოთ ჩვენი ბიზნეს იდეის გენერირება, ბიზნეს გეგმის სწორად შედგენა, ფინანსების, დანახარჯებისა და გაყიდვების მართვა.

სისტემატიურად ცხადდება სხვადასხვა პროექტები და პროგრამები, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც მუდმივად ცდილობენ შეიმუშაონ ბენეფიციარზე მორგებული საგრანტო კომპონენტი. ყველა გამოცხადებულ კონკურსს სხვადასხვა პირობა აქვს მონაწილეობის მისაღებად, განსხვავებული ბიუჯეტით, გრანტისა და თანამონაწილეობის თანხით. გამოცხადებული კონკურსების შესახებ ინფორმაცია ძირითადად სოციალურ ქსელში შეგვიძლია მოვიძიოთ, ან კონტაქტი გვქონდეს ადგილობრივ წარმომადგენლობასთან.

როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ ბიზნეს იდეა?

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გრანტის მოპოვებისთვის, პირველ რიგში, კარგად უნდა დავრწმუნდეთ ჩვენი ბიზნეს იდეის სისწორეში. ეს განსაკუთრებით სტარტაპერებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან დამწყები ბიზნესი უფრო მეტად რისკის შემცველია და მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება დონორის დასარწმუნებლად, რომ გრანტი მოვიპოვოთ.

ბიზნეს იდეა არის იმ იდეის მოკლე და ზუსტი აღწერა, რომლის დაწყებაც გაქვთ განზრახული. ბიზნესის დაწყებამდე საჭიროა ცხადი წარმოდგენა გქონდეთ, რა სახის ბიზნესის წარმოება გსურთ.

მიუხედავად იმისა, რომ გრანტის გამცემი ორგანიზაციების უმრავლესობა ატარებს შესაბამის საკვალიფიკაციო ტრენინგებს, იმისთვის, რათა დარწმუნდეს გრანტის მიმღები პოტენციური ბენეფიციარის შესაძლებლობაში,  სასურველია კონსულტაცია გავიაროთ სპეციალისტთან, რომელიც მოგვცემს სწორ მიმართულებას, დაგვეხმარება ბიზნეს იდეის გენერირებაში, ბიზნეს გეგმის  შემუშავებასა და საგრანტო კონკურსზე წარდგენაში.

როგორც წესი ბიზნესის დაწყებიდან პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ძნელია ხარჯების ამოღება ან მოგების მიღება. გარკვეული დროა საჭირო იმისათვის რომ გაყიდვებიდან თანხები შემოვიდეს. ამ დროის განმავლობაში თქვენი ბიზნესი ძალიან მოწყვლადია და თქვენ სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ფინანსურ მდგომარეობას.

თუკი აპირებთ რომელიმე საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებას სასურველია ორ  მნიშვნელოვან დეტალზე გაამახვილოთ ყურადღება:

  • ბიზნესის დაწყება არ არის მარტივი. მას დიდი დრო სჭირდება და მოითხოვს დეტალურ დაგეგმვას. ბიზნესის დაწყების ძალისხმევა და  ფული შეიძლება დაკარგოს, თუ თქვენ არასწორ ბიზნესს დაიწყებთ. სწორი ბიზნესი იწყება საკუთარი ბიზნეს იდეის კარგი აღწერით. იყავით უფრო მეტად ღია ახალი იდეებისა და სხვა ადამიანების აზრების მიმართ, შესაძლოა, ამან გავლენა იქონიოს თქვენ ბიზნესზე;
  • ვერცერთი ბიზნესი ვერ გადარჩება მომხმარებლის გარეშე, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ იქნებიან თქვენი მომხმარებლები. აუცილებელია, იცოდეთ, რომ გეყოლებათ საკმარისი მომხმარებელი რომლებიც შეძლებენ თქვენი პროდუქტსა და მომსახურებაში ფულის გადახდას. რაც უფრო კარგად იცით ბაზარი, უფრო დიდია შანსი წარმატებული იყოს თქვენი ბიზნესი

მეწარმეებსა და სამეწარმეო საქმიანობის დაწყების მსურველებს ასევე ვურჩევ გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, ვინაიდან გარემო, ბაზარი და მოთხოვნები მუდმივად ცვალებადია, იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესი გავხადოთ მომგებიანი ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ განვითარებაზე  და რაც მთავარია, არ შეგვაშინოს ბიუროკრატიამ და სირთულეებმა – სირთულე ქმნის მოცემულობას, ვეძებოთ, აღმოვაჩინოთ და შევქმნათ ახალი შესაძლებლობა – სირთულეების გადალახვა განვითარების წინაპირობაა.

დატოვეთ კომენტარი