სტატიები

შემოწმება, რეორგანიზაცია და საკადრო ცვლილებები – რა მოხდა “ხაშურსერვისში”

ხაშურის მერმა ა(ა)იპ “ხაშურსერვის” ახალი დირექტორი დაუნიშნა – ამ პოსტზე თენგიზ ჩიტიაშვილმა ზურა ნოზაძე დანიშნა. საკადრო ცვლილებას წინ ამ (ა)აიპ-ის აუდიტორული შემოწმება და რეორგანიზაცია უძღვოდა. ამ სამი მოვლენის ერთმანეთთან კავშირს ხაშურის მერიაში არ ადასტურებენ.

“საკადრო ცვლილების და რეორგანიზაციის მიზეზი აუდიტის მიერ ა(ა)იპ-ში გამოვლენილი ხარვეზები არ ყოფილა”, – ამბობენ ხაშურის მერიაში. 

რა დასკვნით დასრულდა “ხაშურსერვისის” აუდიტორული შემოწმება?

მერიის აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ-ის სამ-წლიანი მუშაობა შეაფასა. აუდიტორულმა შემოწმებამ 2019, 2020 და 2021 წლები მოიცვა. 

საკუთარ დასკვნაში, აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ-ის საკადრო პოლიტიკის ხარვეზებზე, შესრულებული სამუშაოების ანალიზის სირთულესა და თანხების ხარჯვის მეტი კონტროლის საჭიროებაზე მითითუთა. 

ამავე თემაზე: არ ხდება სამუშაოს ანალიზი, ხდება თანხების ხშირი გადამისამართება – ხარვეზები  “ხაშურსერვისში”

მაგალითად, დასკვნიდან ვიგებთ:

“ორგანიზაციაში წყლის სისტემებს ემსახურებიან ისეთი თანამშრომლები, რომელთა გამოცდილებაც ვერ აკმაყოფილებს საქმიანობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს და აქედან გამომდინარე ჩნდება მოსაზრება, თუ რამდენად ხარისხიანი სასმელი წყლის მიწოდება შეუძლიათ მოსახლეობისთვის”

““ხაშურსერვისის” წლიური ანგარიშები არის ზოგადი ხასიათის და არ იძლევა მისი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების საფუძველს”

““ხაშურსერვისმა” 3 წელში 1 333 779 ლარის საწვავი შეიძინა, რომლის ხარჯვა მოძველებული ოდომეტრის პირობებში ხდებოდა”.

გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, აუდიტის სამსახურმა ა(ა)იპ-ისთვის რეკომენდაციების პაკეტიც შეიმუშავა. 

ა(ა)იპ-ის აუდიტორული შემოწმება 6 აპრილს დასრულდა. 5 მაისს კი, საკრებულოს თანხმობის საფუძველზე, მერიამ ა(ა)იპ-ის რეორგანიზაცია დაიწყო. 

რა მიზნით ჩატარდა რეორგანიზაცია “ხაშურსერვისში?”

რეორგანიზაციის ფარგლებში, ხაშურის მერიამ “ხაშურსერვისისთვის” ფუნქცია-მოვალეობების შემცირება გადაწყვიტა. 

შესაბამის განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ  რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნულ ა(ა)იპ-ში მოხდა შიდა სტრუქტურის ნაწილობრივი ცვლილება, შტატების შემცირება/გადაადგილება. კერძოდ, აღნიშნულ ა(ა)იპ -ს ჩამოშორდა წყლისა და გამწვანების ფუნქცია -მოვალეობები, შემცირდა აღნიშნული ფუნქციების შესასრულებლად არსებული საშტატო ერთეულები.

შედეგად კი, დაფუძნდა ახალი ა(ა)იპი, წყლისა და გამწვანების კომპანია.

“რეორგანიზაციის მიზეზი გამოვლენილი ხარვეზები არ ყოფილა, მიზეზი იყო ის რომ, სოფლებში წყალმომარაგება და გამწვანების საკითხები ცალკე მიმართულებებია და დიდ დროსაც მოითხოვს. რასაც სჭირდება ცალკე ადმინისტრირება”, – გვითხრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ნინო სუხიაშვილმა.

თანმდევი საკადრო ცვლილებები:

აუდიტორული შემოწმების და რეორგანიზაციის შემდეგ, საკადრო ცვლილებებიც განხორციელდა.

მერის გადაწყვეტილებით,  “ხაშურსერვისის” უფროსად ზურა ნოზაძე დაინიშნა. მისი წინამორბედი ნუკრი ცხოვრებაძე კი ახალი ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელად გადავიდა

ასევე, როგორც “მოზაიკამ” გაარკვია “წყლისა და გამწვანების კომპანიას” ორი მიმართულება აქვს და მათგან ერთ-ერთს, გამწვანებას შოთა კოპაძე ხელმძღვანელობს. 

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აისახება განხორციელებული რეორგანიზაცია საბიუჯეტო დაფინანსებაზე. 

“შედეგებზე, სამწუხაროდ, ვერ ვისაუბრებ, თუმცა თავისთავად იგულისხმება, რომ ეს უფრო შედეგიანი იქნება”, – გვითხრა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტმა, ნინო სუხიაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.