სტატიები

სხვებისგან განსხვავებით, გორის მერმა მოქალაქეებს კვირაში მხოლოდ 3 საათი გამოუყო

მოქალაქეთა მიღებისთვის შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებს კონკრეტული დღეები აქვთ გამოყოფილი. “მოზაიკამ” გაარვია, რომ რეგიონის მასშტაბით, გორის მერი ერთადერთია, რომელიც მოქალაქეთა მიღებას არასრულ სამუშაო დღეს უთმობს და კვირის განმავლობაში, ამ საქმისთვის მხოლოდ 3 საათი აქვს გამოყოფილი. 

კერძოდ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს მოქალაქეების მისაღებად ოთხშაბათი დღე აქვს ჩანიშნული და საათებიც მკვეთრადაა განსაზღრულია. გორის მერთან ვიზიტი მოქალაქეებს მხოლოდ 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუძლიათ.

“შეხვედრის ჩანიშვნისთვის აუცილებელია, რომ წინასწარ ვიზიტის დასაჯავშნად მოქალაქემ შეავსოს განაცხადი საიტზე – gori.gov.ge”, – გვითხრეს გორის მერიაში. 

ამ მხრივ ნაკლები ბიუროკრატიაა სხვა მუნიციპალიტეტებში. მაგალითად, ქარელის მერთან ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა საჭირო არ არის, ხოლო ხაშურსა და კასპში ამის გაკეთება სატელეფონო ზარითაცაა შესაძლებელი. 

“მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე 0 368 24 15 02 და დაჯავშნონ შეხვედრა ხაშურის მერთან. მოქალაქეთა მიღება იწყება ყოველ ხუთშაბათს, დილის 10:00 საათიდან და გრძელდება ბოლო სტუმრის წასვლამდე”, – გვითხრეს ხაშურის მერიაში. 

“ზაზა გულიაშვილი მოსახლეობას ყოველ ოთხშაბათს, დილის 10:00 საათიდან უკანასკნელი ვიზიტორის წასვლამდე ხვდება. ვიზიტის წინასწარ დაჯავშნა აუცილებელი არ არის”, – გვითხრეს ქარელის მერიაში.

“კასპის მერთან ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია სატელეფონო ზარით, ნომერზე: 0 371 22 24 48. ვახტანგ მაისურაძე მოქალაქეებს ყოველ სამშაბათს, დილის 11:00 საათიდან ხვდება. მოქალაქეთა მიღების დასრულების დრო განსაზღვრული არ არის”, – გვითხრეს კასპის მერიაში.

მოძიებული ინფორმაციიდან ჩანს, ყველაზე ნაკლები დრო მოქალაქეთა მიღებისთვის გორის მერს აქვს გამოყოფილი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გორის მუნიციპალიტეტში, რეგიონის მასშტაბით, ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. 

დატოვეთ კომენტარი