ისტორიები ისტორიული ძეგლები

ორსაუკუნოვანი წისქვილი ქორდიდან

ავტორი: სოფო ასკილაშვილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ტერაშვილებს ორსაუკუნოვანი წყლის წისქვილი აქვთ, რომელსაც რესტავრაცია სჭირდება.

ტერაშვილებს თითქმის ორასი წლის წინ აქ მომცრო ზომის ხის ნაგებობა აუშენებიათ, რომლის დოლაბიც წლების განმავლობაში დაილია და დაიბზარა.

“ვერ გეტყვით რამდენი წელია არსებობს, 200 წელზე მეტის თუ არა, ნაკლების არ იქნება. მამაჩემის გარდაცვალების მერე ჩემი მეუღლე ამუშავებდა, შემდეგ ჩემი შვილი, ახლა კი მე ვამუშავებ”, – გვიყვება მარინე ტერაშვილი.

წისქვილი მდინარის ნაპირზე დგას, თავის დროზე წყლის მისაყვანად ხის მილები საგულდაგულოდ გაუკეთებიათ. წისქვილში მარცვლეულის გადაფქვა სწორედ წყლის და ქვების საშუალებით ხდება, რომელსაც ყუას უწოდებენ. წლებთან ერთად, ეს ყუა გათხელდა და როგოც მარინე ამბობს ისე ვეღარც ფქვავს, როგორც უწინ.

“წლების წინ დიდი რაოდენობით ფქვილი იფქვებოდა, როგორც პირუტყვისთვის ისე საკვებად. ერთი პერიოდი უწყლოობის გამო, საერთოდ შევწყვიტეთ ფუნქციონირება. ახლა მხოლოდ საკვებადღა ვფქვავთ ცოტა-ცოტას. დენიც შემოვიყვანეთ, თუ წყალი არ არის, დენზე ვამუშავებთ, თუმცა მამაპაპისეულ ტრადიციას არ ვივიწყებ და თუ წყლის საშუალებაა, აუცილებლად წყლით ვფქვავ”, – ამბობს მარინე.

ერთი ფუთი სიმინდის დაფქვას დაახლოებით 2 საათი სჭირდება, ეს წყლის ნაკადზეა დამოკიდებული.

“ერთ-ერთ კულტურული ძეგლია, რომელსაც ბევრი არ აფასებს. ჩემი შვილები გეგმავენ რომ რესტავრაცია გაუკეთონ, რამდენად შეეწყობათ ამაში ხელი, არ ვიცი. არადა, ამის დაკარგვა და დანგრევა არავის არ გვინდა. აქ ჩამოფქვილი მარცვლეულის ფქვილს სულ სხვა გემო აქვს, ამას ნებისმიერი გეტყვით, რომ წყალზე დაფქვილი საოცრად განსხვავდება”, – ამბობს ის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.