ადამიანები ისტორიები

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი პედაგოგი და მეცნიერი ხაშურიდან

არიან ადამიანები, რომლებიც არამხოლოდ თავისი რეგიონის, ქალაქის ან სოფლის, არამედ ქვეყნის ცხოვრებაში ტოვებენ განსაკუთრებულ კვალს. ასეთი იყო გივი იმერლიშვილი.

ის დაიბადა 1953 წელს, ხაშურის რაიონის სოფელ ბრილში. მას ცოტახნით გორის მე-5 საშუალო სკოლაშიც უსწავლია.ის ჯერ ისტორიას ასწავლიდა სოფელ ნაბახტევში, შემდეგ სურამის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გახდა, მალევე კი მუშაობა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გააგრძელა, სადაც მოგვიანებით ფონდების მთავარ მცველად დაინიშნა.

გივი იმერლიშვილი 1990 წელს მარტ- აპრილში იყო საქართველოს ჰელსინკის კავშირის ეროვნული აღორძინების ხაშურის ორგანიზაციის დაფუძნების საინიციატივო ჯგუფის, ხოლო შემდეგ გამგეობის წევრი.

1990 წლის ოქტომბერში იგი საორგანიზაციო ბლოკიდან „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ აირჩიეს ხაშურის რაიონიდან საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატად.

გივი იმერლიშვილს წილად ხვდა ბედნიერება, 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოეწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.

1991 წელს იგი დაინიშნა რაიონის პრეფექტად და მუშაობდა სახელმწიფოს გადატრიალებამდე.

1994-2003 წლებში  იმერლიშვილი კვლავ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მუშაობს. მუშაობას აგრძელებს მეცნიერების მიმართულებითაც და ლექციებს კითხულობს საქართველოს ისტორიაში.

გამორჩეულია ამ ადამიანის როლი ხაშურის რაიონისთვის. ის გარდაცვალებამდე მუშაობდა და იკვლევდა ამ ადგილების ისტორიას. მის მთავარ ნაშრომად მაინც სურამელთა ცნობილი საგვარეულოს ახლი ისტორია რჩება.

გივი ავტორია წიგნისა „ხაშურის რაიონი“, რომელიც ჯერ კიდევ არ გამოცემულა. ის იკვლევდა ქართლის საერისთაოს წარმოშობის, დავით აღმაშენებლის და თამარის ეპოქის ზოგიერთ საკითხებს, აქვს უამრავი წერილი ხაშურზე. ბევრი კვლევა დაუმთავრებელი დარჩა – ის 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნაცნობ-მეგობრები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ მასზე ბევრი რამ არ იციან ადამიანებმა და მასზე ინტერნეტსივრცეშიც მწირი  ინფორმაცუა მოიპოვება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.