ადამიანები ისტორიები

სალამურით და სიმღერით გამოხატული სიყვარული – კელაპტრიშვილები კავთისხევიდან

კელაპტრიშვილები სოფელ კავთისხევში, კასპის მუნიციპალიტეტში ცნობილი და საამაყო გვარია. ამ გვარის არაერთი წარმომადგენელი იყო და არის ნიჭიერი და ხელოვნებაზე შეყვარებული ადამიანი. ასეთია მიხეილ კელაპტრიშვილი, რომელმაც სალამურის დაკვრა შვილებს, გერისოს და ომარსაც ასწავლა.

ომარ კელატრიშვილი – თვითნასწავლი მუსიკოსი

განსაკუთრებული ნიჭით იყო დაჯილდოებული ომარ კელაპტრიშვილი – მუსიკოსი, საქართველოს სახალხო არტისტი. ის იყო საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, პირველი ადგილის და ოქროს მედალის მფლობელი; ანსამბლ “რუსთავის“ დაარსებიდან მისი წევრი, ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი.

მან უმაღლესი განათლება 1971–1972 წლებში, არაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ფლეიტის კლასი) მიიღო. თანამედროვეების შეფასებით, მისი შესრულება სალამურზე შთამბეჭდავი და განუმეორებელი იყო.

ომარი რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა. მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები. ომარის დამსახურებას მიაწერენ, რომ ქართულმა სალამურმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. მან თითქმის მთელი საქართველო მოიარა და ასე აგროვებდა ფოლკლორულ ნიმუშებს. აღზარდა მრავალი შემსრულებელი. დააარსა ანსამბლი “იავნანა”, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად “კელაპტარი” დაერქვა.

2003 წლიდან მშობლიურ სოფელში ომარ კელაპტრიშვილის სახლში მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა, სადაც გამოფენილია აუდიო კასეტები, კომპაქტდისკები, საკონცერტო აფიშები, სიგელები, ჯილდოები და სხვა. მასზე აღტაცებით წერდნენ უცხოურ პრესაშიც. მუზეუმში არაერთი ღონიძიება გამართულა, სადაც „რუსთავის“ ხელმძღვანელები და წევრებიც მონაწილეობდნენ.

ომარ კელაპტრიშვილის სახელი მინიჭებული აქვს კავთისხევის საჯარო სკოლას. თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, იქვე აღმართულია ბიუსტი. მისი ბიუსტი ასევე აღმართულია კასპის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე. ომარ კელაპტრიშვილი გარდაიცვალა 1992 წელს და დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ომარის ძმა – გერისო კელაპტრიშვილი, ფერმწერი

გერისო იყო ფერმწერი, მრავალი ცნობილი ტილოს ავტორი. გამორჩეულია მისი „გიორგი სააკაძე იერიშის წინ“ , ილიას პორტრეტი, მშობლიური კავთისხევისა და სვანეთის ხედები. ის იყო ასევე ფოლკლორისტი, პოეტი, კომპოზიტორი, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და ლოტბარი.

ძმასთან ერთად ხშირად მიუღია მონაწილეობა კონკურსებსა და ფესტივალებში. იყო შემთხვევები, როცა გასტროლებზე წასული ომარი გერისოს ჩაუნაცვლებია კონცერტის დროს, თუმცა უთქვამს, ომარს სხვა ბგერა და შესრულების სხვა ხიბლი აქვსო და ასპარეზი მისთვის დაუთმია.

გერისოს სხვადასხვა დროს უმღერია „რუსთავში“, „ერისიონში“, „კელაპტარში“ და სხვა. მან თავადაც შექმნა ფოკლორული ანსამბლები. საკუთარ ლექსებზე წერდა მუსიკას და მონაწილეობდა სასცენო დადგმებში. გერისომ შეკრიბა და წიგნად გამოსცა „კასპელთა პოეზია“.

ხელოვანი ოჯახის ტრადიციებს აგრძელებენ მათი შთამომავლებიც. მიხეილ კელაპტრიშვილი, გერისოს შვილი, პაპის მოსახელე და გენების გამგძელებელი ამჯერად საჯარო სექტორში საქმიანობს, მაგრამ მისთვის მუსიკა ცხოვრების ნაწილია, ის ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელია. მიხეილის შვილი კი ყველასთვის ცნობილი მომღერალი გიორგი კელაპტრიშვილია. გიორგი პროექტის „მხოლოდ ქართული“ მეორე სეზონის გამარჯვებულია. ის წარმატებით აგრძელებს კარიერას, ყავს ბენდი და ქმნის ქართული სიმღერების ახალ ვერსიებს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.