ბლოგები

სპორტის  გულშემატკივრობით დაწყებული  ჟურნალისტური  საქმიანობა

ავტორი: გიორგი გელაშვილი

ახლა 16 წლის ვარ. სპორტის ქომაგი 2015 წლიდან გავხდი. აქტიურად ვუყურებდი საქართველოს ნაკრების თამაშებს. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის, ერთი მატჩიც კი არ გამომიტოვებია.

სპორტული სიახლეების წერა 2020 წლიდან დავიწყე. თავიდან პატარა ფეისბუქ გვერდებზე ვწერდი ხოლმე. შემდეგ კი ერთ-ერთ სპორტულ სააგენტოში „პრაიმ სპორტი“, რომელსაც ჩემს განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი გოგვაძეს, ეს იყო ადამიანი, რომელიც ამ სფეროში ბოლომდე მენდო.

პირველი სტატია

ჩემი პირველი სტატია ერთ-ერთ ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს უკავშირდება, რომელიც მიუნხენის „ბაიერნის“ ახალგაზრდულ გუნდში გადავიდა. სპორტული ჟურნალისტობა და კომენტატორობა ბავშობიდანვე მიზიდავდა. თავიდანვე ვუყურებდი ნოდარ სიმსივეს რეპორტაჟებს, კოტე მახარიძის ლეგენდარულ მატჩებს და წამყვან ქართველ კომენტატორებსა თუ ჟურნალისტებს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე მათი კოლეგა გავხდებოდი. ეს ჩემი ოცნება იყო, რომელიც რეალობად ვაქციე.

ტელევიზია და სპორტი

ხუთი თვის თვის წინ, ხაშურის „ტვ ივერიაში“ მუშაობა შემომთავაზეს. ჩამოვაყალიბეთ სპორტული მედია სააგენტო „ხაშურის სპორტი“, რომელიც ქართლში უკვე წამყვან მედიებს უტოლდება.

გული მწყდებოდა, ხაშურში სპორტის გაშუქებას ყურადღება რომ არ ექცეოდა. ამიტომ დავიწყე აქტიური საქმიანობა. შედეგი იმდენად დიდია, როგორის მოლოდინი საერთოდ არ მქონდა.

ჩემი პირველი ინტერვიუ ევროპის ჩემპიონ ლუკა მაისურაძესთან იყო. ლუკასთან ინტერვიუს დროს დაძაბულობამ, ნერვიულობამ ერთად შემომიტია, რადგან სწორედ ეს იყო ჩემი “ნათლობა” სპორტული ჟურნალისტის ამპლუაში. „ხაშურის სპორტი“ ჩემთვის არის დღესასწაული და დიდი ემოცია.

ყოველდღიური საქმიანობა

დღეს აქტიურად ვაშუქებთ ხაშურში მიმდინარე ყველა სპორტულ სიახლეს. გვაქვს ძალიან მცირე დაფინანსება, მაგრამ მე და კიდევ ერთ ჩვენ ჟურნალისტს, გიორგი მანჩაკოვს ხაშური იმდენად გვიყვარს, ამ საქმეს გულით ვაკეთებთ და ფარ-ხმალის დაყრას  არ ვაპირებთ.

ეს საქმე უკვე ძალიან მომწონს, ჯანსაღ კრიტიკას და საზოგადოების დამოკიდებულებას დიდ პატივს ვცემ. მიბაძვა არ მიყვარს. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ.

გეგმები

სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს, ვაპირებთ „ხაშურის სპორტზე“ ვლოგები, სხვადასხვა რუბრიკები და განსხვავებული ვიდეო კონტეტი შევქმნათ. მიზანი მაქვს, ხაშურის „ივერიას“ მატჩები საქართველოს უმაღლეს ლიგაში წავიყვანო, კომენტატორის ამპლუაში.

სწავლის გაგრძელებას ჟურნალისტიკაზე ვაპირებ. მინდა და მჯერა ჩემი თავის, რომ საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი და დაფასებული სპორტული ჟურნალისტი გავხდები. ერთ-ერთი მთავარი მიზანი მაქვს გავხდე კომენტატორი, რომლისთვისაც ჯერ ბევრი მიკლია, რადგან ამ სფეროს დიდი ცოდნა სჭირდება როგორც ზოგადი, ისე სპორტულიც.

სპორტის გულშემატკივრებს ვურჩევდი, პირველ რიგში უგულშემატკივრონ თავიანთი ქალაქის გუნდს და საქართველოს ნაკრებს. იქიდან დაიწყეთ, სადაც ხართ!

ჩემი მეგობრები ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევენ და თავდაჯერებულობას მმატებენ. არ მინდა, რომელიმე მათგანი გამომრჩეს, თუ ამას კითხულობთ ძალიან მიყვარხართ და გაფასებთ!

დატოვეთ კომენტარი