ბლოგები

წერილი მათთვის, ვისაც დაავიწყდა, რა დაგვიშავა რუსეთმა 2008 წელს

ავტორი: ეთო დურული

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ძევერაში ვცხოვრობ და ყოველ დღე ვხედავ, როგორ გვექცევა რუსეთი. ამ წერილს კი ბრაზი მაწერინებს – ბრაზი იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ რუსეთს აპატიონ აგვისტოს ომი, მცოცავი ოკუპაცია, ჩვენი მიწების მითვისების სურვილი …

ომის დღეები, რისი პატიებაც შეუძლებელია

ირგვლივ ყვავილების სასიამოვნო და თავბრუდამხვევი სურნელი იდგა, რომელითაც ჰაერი ისე იყო გაჟღენთილი, ვერც კი იფიქრებდი, რომ ამ სურნელს, სულ მალე ბომბებისა და სხვა მომწამვლელი  ნივთიერებების საზიღარი და  უსიამოვნო  სუნი შეცვლიდა. სუნი, რომელიც თითოეულ ადამიანს იმ შეგრძნებებით ავსებდა, რასაც უიმედობას, სასოწრკვეთას და შიშს ვეძახით.

მაშინ 3 წლისაც არ ვიქნებოდი, მაგრამ რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზუსტად მახსოვს ყველაფერი …

როდესაც ჩვენს სოფელს თავზე რუსული ავიაცია დასტრიალებდა და რუსმა ჯარისკაცებმა ბომბების ჩამოყრაც დაიწყეს, მახსოვს, როგორ გამოვარდა დედა ეზოში, მე და ჩემს ძმას ხელები ჩაგვჭიდა და ბნელ სარდაფში ჩაგვიყვანა. მაშინ ძალიან შეშინებული და დაბნეული ვიყავი, არ ვიცოდი ჩემს გარშემო რა ხდებოდა და ტირილი დავიწყე. ახლაც არ ამომდის ყურებიდან ის სიტყვბი, რასაც დედა ყოველ წამში გაიძახოდა მე და ჩემი ძმის დასამშვიდებლად ,,ყველაფერი მალე გაივლის, ყველაფერი კარგად იქნება”. სიბნელეში კარგად ვერ ვხედავდი იმ წამს რას განიცდიდა დედა, მაგრამ მისი სასოწარკვეთილი ხმიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ მის სახეზეც  უსაზღვრო შიში იყო აღბეჭდილი. წარმომიდგენია იმ დღეს ჩვენსავით რამდენი ოჯახი იმალებოდა სარდაფის ქვეშ და  ცდილობდა იმ  სასტიკი და საშინელი რეალობისაგან თავის დაღწევას.

9-ში სოფელი ნელ-ნელა ცარიელდებოდა, ხალხი ცდილობა რაც შეიძლება უსაფრთხო ადგილისთვის შეეფეარებინა თავი, მათ შორის ჩემი ოჯახიც იყო. ჩვენს სახლთან მანქანა გაჩერდა, სადაც ბიძაჩემი იჯდა.  დედამ მე და ჩემი ძმა მანქანაში ჩაგსვა და გვითხრა, რომ ცოტახანს დავლოდებოდით. ის  ძალიან დიდ ხანს ეხვეწებოდა ბებოს, რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყო.  ბებოს სიტყვები არადროს დამავიწყდება. მან თქვა რომ, თავის სახლს არაფრის დიდებით არ ჩაუგდებდა რუსებს ხელში და ვერც პაპას მიატოვებდა.

სოფელში დაბრუნება და გმირების აღმოჩენა

სექტემბერში დავბრუნდით სოფელში. ენითაღუწერელი სიტუაცია დაგხვდა: განადგურებული და გადამწვარი სახლები, ადამიანების სახეებზე კი ვერაფერს ვხედავდი, გარდა დიდი ტკივილისა. ჩვენს სოფელში ზარივით  გაისმოდა გოდება იმ ოჯახებისა, რომლებმაც აგვისტოს ომში შვილები, მეუღლეები, ახლობლები დაკარგეს. მათ შორის იყო გმირულად დაღუპული გოგიტა მაკრახიძეც, რომელსაც დღემდე მთელი სოფელი  დიდი პატივისცემით იხსენებს. ეს ადამიანი გმირია, რომელმაც  ძალიან ბევრი ადამიანის  სიცოცხლე გადაარჩინა.

გოგიტა მაკრახიძე, სოფელ შერთულის  მკვიდრი,  საბრძოლო ველზე გმირულად და თავგანწირვით იბრძოდა, საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვის. იგი 9 აგვისტოს დაიღუპა. მისი დაჭრის მიზეზი  ნაღმის გარდა, რომელიც მის ფეხქვეშ აფეთქდა, ისიც იყო, რომ მან თავისი ჯავშანჟილეტი სხვა ჯარისკაცს ჩააცვა. ნაღმმა კი  ზუსტად მაშინ იმსხვერპლა, როცა დაჭრილი ბიჭებისთვის იძახებდა სასწარაფოს. დაჭრილიც კი  ჯარისკაცებს  ამხნევებდა და ეუბნებოდა  ყველაფერი კარგად იქნება, თავს გაუფრთხილდით ბიჭებოო.  სამხედრო ექიმს მისი წაყვანა თბილისში გადაუწყვეტია, მაგრამ ის გზაშივე დაღუპულა.

გოგიტა მაკრახიძის ისტორია ჭეშმარიტი გმირობის ნიმუშია ჩემთვის. მსგავსი რამ ცხოვრებაში იშვიათად თუ მომისმენია, რადგან გმირობა სიმამაცის და ვაჟკაცობის  გარდა ხალხში იმედის ჩანერგვაცაა, მაშინაც კი, როცა იმედის საფუძველი არაა, რაშიც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამ მართლაც, რომ პატრიოტი, სამშობლოსადმი თავგანწირული პიროვნების ისტორია, რომელიც სხვა ჯარისკაცებთან ერთად მიისწრაფვოდა იმ მნიშვნელოვანი ღირებულებებისკენ, რასაც თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ვუწოდებთ.

აგვისტოს ომიდან 13 წელი გავიდა, მე კი სიხარულით და სიამაყით ვარ სავსე, რადგან ვცხოვრობ სოფელში, რომელიც დღემდე ძალიან ბევრი გმირის სახელს ინახავს. დავდივარ და ვსწავლობ იმ სკოლაში, რომელშიც ერთ დროს გოგიტასნაირი ღირსეული და პატივსაცემი ადამიანები სწავლობდნენ. ყველაზე მეტად კი სკოლაში იმ კედელთან დგომა, მიყვარს, რომელზეც 13 წლის წინ დატრიალებულ ტრაგედიის ამსახველი სურათებთან ერთად, ჩვენ გმირებს ვხედავ.


მასალა მომზადებულია პროექტის “სამოქალაქო ჟურნალისტიკა ქალების გაძლიერებისთვის” ფარგლებში. “მოზაიკა” პროექტს ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.