სტატიები

“მუდმივი შიშის, დაძაბულობის და უპესრპექტივობის გამო ვტოვებთ ახალგაზრდები ხურვალეთს”

უკვე ბევრი ახალგაზრდა წავიდა ჩვენი სოფლიდან – ზოგი უმაღლესი განათლების მისაღებად, ზოგი კი – სამუშაოდ. სკოლის დამთავრებას და სოფლიდან წასვლას ბევრი ჩემი თანატოლიც გეგმავს, რადგან აქ დარჩენის შემთხვევაში, განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში, რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები ახალგაზრდა რჩება. სოფლიდან ჩემი დაც წავიდა. მისი ისტორია ბევრი იმ ახალგაზრდის ამბავს ჰგავს, ვინც აქედან უკეთესი მომავლის იმედით მიდის. 

სკოლის დამთავრების შემდეგ, გორის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. სოფლიდან გორში სიარული  რთული იქნებოდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დამატებით დროსთან ერთად, დამატებით ფინანსებსაც წაიღებდა და მაგას ისევ, გორში გადასვლა ვარჩიე“, – ასე ხსნის გორში გადასვლის გადაწყვეტილებას ანა, ჩემი და. 

ის ახლა 17 წლისაა და პირველი კურსის სტუდენტია. კომპიუტერული პროგრამების მიმართულებით სწავლობს და ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისთვის ინტერნეტი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სოფელში კი პრობლემები ამ მხრივაც ექნებოდა. 

“სოფელში ნორმალური ინტერნეტი არ არის, რაც თავისთავად პრობლემაა ახალგაზრდებისთვის, რადგან სწავლის პროცესში მუდმივად გიწევს ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გაგზავნა და ა.შ.”.

სწავლის დამთავრების შემდეგ,  ანას სოფელში დაბრუნება და განვითარება რთულად წარმოუდგენია. ამბობს, რომ ახლა მისი მთავარი მიზანი პიროვნული განვითარება და სასურველი სამსახურის შოვნაა. 

“ჩემი მთავარი მიზანია, რომ ვისწავლო. გეგმაში მაქვს, საკუთარ პროფესიას დავეუფლო, სამსახური ვიშოვო და განვვითარდე, რადგან არ მინდა, რომ სხვაზე ვიყო დამოკიდებული”.

ანა ძირითად დროს უნივერსიტეტს და სწავლას უთმობს, მაგრამ სოფელთან კავშირს არ წყვეტს. დასვენების დღეებში ხშირად ჩამოდის და ამბობს, რომ ეს სულ ასე გაგრძელდება. 

“მიყვარს აქაურობა და რომ მივდივარ, მალევე მენატრება ხოლმე. უბრალოდ აქ განვითარება ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელი. ამიტომ ახალგაზრდების უმრავლესობა ჩემსავით იქცევა”. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში ახალგაზრდული ღონისძიებებიც იშვიათად ტარდება. შესაბამისად, სოფლის ყოველდღიურობა ახალგაზრდებისთვის უინტერესო და მოსაწყენია. 

“ახალგაზრდების უმრავლესობა სკოლის დამთავრების მოლოდინშია, რადგან იმედი აქვთ, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარებენ, სოფლიდან წავლენ და ამის შემდეგ, მათი ყოველდღიურობაც უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება”. 

ერთფეროვან, უხალისო ცხოვრებას თან ერთვის მუდმივი შიში და ფორიაქი. 

“2 წლის ვიყავი აგვისტოს ომის დროს და მას მერე,  რა შიშიც გაჩნდა სოფელში, მაგ შიშის ფონზე გავიზარდეთ მე და ჩემი თანატოლები. რთულია აქაური ბავშვობაც და ცხოვრებაც. არც ის მომწონს, ახალგაზრდები აქედან რომ მივდივართ, მაგრამ ამის მართლა ბევრი მიზეზი გვაქვს …”


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.