სტატიები

7 – დღიანი პატიმრობა გარევაჭრობისთვის – გორის მერია უნებართვო ვაჭრობასთან ბრძოლას აგრძელებს 

გორის მუნიციპალიტეტის მერია გარევაჭრობასთან ბრძოლას აგრძელებს – მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა დღეს გარემოვაჭრეები კიდევ ერთხელ გააფრთხილეს.

ამჯერად გაფრთხილება შეეხოთ ქართლის ქუჩაზე მომუშავეებსაც, რომელთა ნაწილი აღნიშნულ ქუჩაზე გურამიშვილის ქუჩაზე გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ გადავიდა. 

“მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეებს განუმარტეს, რომ “სამართალდამრღვევი დაჯარიმდება კანონის შესაბამისად და მოხდება სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 – ე მე – 3 პრიმა მუხლის შესაბამისად)”, – ნათქვამია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარემოვაჭრეების დასაჯარიმებლად და მათი საქონლის კონფისკაციისთვის გორის მერიამ, რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, შეიმუშავა წესდება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს უფლება ეძლევათ დააჯარიმონ გარემოვაჭრეები 20-დან1000 -ლარამდე თანხის ოდენობით. შესაბამისი დადგენილება საკრებულომ უკვე დაამტკიცა. 

მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები საქართველოს ადამინსტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით იხელმძღვანელებენ.

ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თუკი მოვაჭრე, რომელიც გაფრთხილებისა და შესაბამისი ჯარიმის გამოწერის მიუხედავად, მაინც განაგრძობს გარე ვაჭრობას, მაშინ მას დაჯარიმებასთან ერთად, წინააღმდეგობის გაწევისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრება. 

დადეგინელების პროექტი, რომელიც საკრებულომ გასულ თვეში დაამტკიცა გორის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის მიერ შემუშავდა:

მუხლი  153​3.  გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე

  • გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
  • ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
  • ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
  • ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის)
    კონფისკაციით.
  • ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა რამდენიმე თვის წინ გარემოვაჭრეებს გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩა იძულებით დაატოვებინეს. მათმა ნაწილმა საქმიანობა, მერიის შეთავაზებით, ქართლის ქუჩაზე გააგრძელა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ახლა აღნიშნული ქუჩის დატოვებაც მოუწევთ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.