სტატიები

“უკანონო საქმიანობა და ქალაქის იერსახის დამახინჯება” – გორის მერია გარევაჭრობის წინააღმდეგ 

გორის მერია ამბობს, რომ გარემოვაჭრეები ქალაქის იერსახეს ამახინჯებენ და ქმნიან ანტისანიტარიას, თუმცა უწყებას ამ დრომდე არ გააჩნია გაცხადებული გეგმა, რას უპირებს ძველი ბაზრის ტერიტორიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია უფუნქციოა და ასევე, ამახინჯებს ქალაქის იერსახეს. 

ამავე თემაზე: უფუნქციო და შემოღობილი – რა ელის  ყოფილი ბაზრის ტერიტორიას გორში?

დღეს, 19 აგვისტოს გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლები აუშალა და საქმიანობის გაგრძელება აუკრძალა. პროცესმა დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. 

ამავე თემაზე: გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლები აუშალეს 

“ორი ავადმყოფი შვილი მყავს სახლში, ერთს კიბო აქვს, მეორეს წნევამ დაარტყა. სხვა შემოსავალი არ გვაქვს, ჩემი სარჩენები არიან, რით უნდა ვარჩინო?!”. 

“აღარ გამაშლევინეს საქონელი, დღეიდან ვერ ივაჭრებთო. ზოგი მოვაჭრე არ დანებდა და გამოიტანეს, მაგრამ წაართვეს და მანქანაზე შეყარეს”, – ამბობდნენ გარემოვაჭრეები. 

რამდენიმე წელია გორში მომუშავე გარემოვაჭრეები მერიის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოზიციებს არ თმობენ. ისინი ამბობენ, რომ მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ტერიტორიები მათთვის არახელსაყრელია და ვაჭრობას ვერ შეძლებენ. მერია კი ამტკიცებს, რომ თუკი ისინი ამ შეთავაზებას დათანხმდებიან, სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ. 

“გორის მუნიციპალიტეტის მერია გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა ბაზრებში სთავაზობს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ. გარე ვაჭრობით გარდა კანონის დარღვევისა მახინჯდება ქალაქის იერსახე, ნაგვიანდება ქუჩები, იქმნება საშინელი ანტისანიტარია და საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას”, – ამბობენ მერიაში. 

ინფორმაციისთვის, მოვაჭრეებს რამდენიმე წლის წინ დაატოვებინეს ძველი ბაზრისა და ავტოსადგურის ტერიტორიები. მას შემდეგ, ისინი გურამიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩაზე ვაჭრობდნენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.