სტატიები

“უნდა ვისწავლოთ გარემოზე ზრუნვა” – “გორის ახალგაზრდული ცენტრის” ბრძოლა სეპარირებული ურნების დადგმისთვის

გორში ახალგაზრდების ნაწილი ცდილობს, რომ ხელისუფლებას ქალაქში სეპარირებული ურნები დაადგმევინოს. ამ მიმართულებით “გორის ახალგაზრდული ცენტრი” უკვე ორი წელია მუშაობს. 

როგორც ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ნარჩენების გადარჩევა ერთ-ერთია, რასაც გარემოს დაბინძურების ხარისხის შემცირება შეუძლია. 

“მაგალითად, პლასტიკის ნარჩენის გახრწნას ასობით წელი სჭირდება, თუმცა მთლიანად მაინც არ იხრწნება, გარდაიქმნება მიკროპლასტიკად, რომლის ტოქსინებიც აგრძელებენ გარემოს დაბინძურებას. პლასტიკისგან წარმოებული ნივთებისგან წარმოქმნილი დაბინძურება ამ ეტაპზე მთლიანი დაბინძურების 4 პროცენტია, თუმცა ეს რიცხვი საგრძნობლად იზრდება და 25 წელში 15 პროცენტს მიაღწევს”, – ამბობს ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ნიკოლოზ ჯაბახიძე. 

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს ნარჩენების სეპარირების სისტემის დანერგვა 2019 წლიდან უნდა დაეწყო, თუმცა პროცესი ჭიანურდება. როგორც ნიკოლოზ ჯაბახიძე ამბობს, ახლა  მათი ორგანიზაცია სწორედ ამ საკითხის წინ წამოწევას ცდილობს.

“ჩვენს ორგანიზაციას წელიწადზე მეტია, რაც დაწყებული აქვს ბრძოლა ამ მიმართულებით.  სკოლებთანაც ვთანამშრომლობთ, ვაგროვებთ სხვადასხვა სახის ნარჩენებს, შემდეგ ვახარისხებთ და ვაბარებთ გადასამუშავებლად”.

ორგანიზაციამ ბოლოს 200 კგ. პლასტიკი მოაგროვა და გადასამუშავებლად რუსთავში წაიღო, რადგან გორში შესაბამისი საწარმო არ არის. ნიკოლოზ ჯაბახიძე ამბობს, რომ გორში ნარჩენების მართვის კუთხით არაერთი პრობლემაა, მათ შორის ნაგავსაყრელიც. 

“სეპარირებული ურნები რომ დაიდგას, ნაგავი მაინც ერთ ნაგავსყრელზე დაიყრება და გარემოზე ზრუნვის კუთხით, არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, თუმცა ურნების დადგმა ხალხს ჩამოუყალიბებს კულტურას და ეცოდინება, რომ ყველა ნარჩენის ერთ ურნაში ჩაყრა არ შეიძლება. სწორედ ამ კულტურის ჩამოყალიბებაა პირველი ეტაპი და სწორედ ამიტომ ვითხოვთ, სეპარირებული ურნების დაგდგმას, რასაც მერე უკვე დანარჩენი საკითხების მოგვარება უნდა მოჰყვეს”, – აღნიშნავს ჯაბახიძე. 

ამ მოთხოვნით, “გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა” პეტიციაც შეიმუშავა, თუმცა მიმართვამ საკმარისი ხელმოწერები ვერ მოაგროვა. 

“ჩვენი ინიციატივაა გორის მუნიციპალიტეტში განთავსდეს 50 სპეციალური კონტეინერი პლასტიკის ნარჩენებისთვის. მართალია პეტიციამ ვერ მოაგროვა ხმების საკმარისი რაოდენობა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ახალგაზრდებთან, მივაწვდით საჭირო ინფორმაციას თუ რატომ არის საჭირო ამ ურნების განთავსება და ახლიდან ვცდით პეტიციას”.

“გორის ახალგაზრდული ცენტრი”  2022 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ძირითადი მიზანი ახალგაზრდების გააქტიურება და მათი ჩართულობით, მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარებაა. 


მასალა მომზადებულია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია mozaikanews.ge და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).


დატოვეთ კომენტარი