სტატიები

ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხე გორში – ფოტოები

ბოლო სამი წლის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების მიერ გაცემულია 5 000-ზე მეტი სამშენებლო ნებართვა. გაცემული ნებართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ეს ყველაფერი კი, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ხდება.

მრავალსართულიანი კორპუსების აშენების ნებართვა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პირველად, 2017 წელს შპს “იბოლიას” მისცა, რომელმაც ადმინისტრაციული შენობის უკან 6-სართულიანი კორპუსი ააშენა.

2021 წელს შპს „დირიგომ“ მიიღო ნებართვა მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის. აღნიშნული კომპანიის 50%-ს ფლობს გორის ყოფილი მაჟორიტარის და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველის იოსებ მაკრახიძის კომპანია „იბოლიას“ დამფუძნებელი და დირექტორი გოდერძი მიქავა, მეორე 50%-ს მფლობელი კი, გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მწვრთნელის ნუგზარ სხიერელის ოჯახია. აღნიშნული კომპანია კორპუსს გორში, სტალინის გამზირი N11-ს მიმდებარედ აშენებს;

შპს მპ დეველოპმენტი აშენებს გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ყოფილი კლინიკის ადგილზე მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტს – აღნიშნული კომპანიის დირექტორი ლევან ფხაკაძეა – ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული და წინასაარჩევნო პერიოდში მისი მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

შპს „ვარსკვლავმა“ მიიღო სამშენებლო ნებართვა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისთვის, რუსთაველის N88-ში, აღნიშნული კომპანიის დირექტორი და 45%-ს მფლობელი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია, სწორედ მის რესტორნებთან ახორციელებს შესყიდვებს ყველაზე ხშირად გორის მერია, კანდელაკის ბიზნესპარტნიორი გიორგი ჯალაბაძეა, რომელმაც 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 25 000 ლარი შესწირა

ბეტონის ჯუნგლებად ქცევის საფრთხეა – მოქალაქეები, პოლიტიკოსები და არასამთავრობოები ადგილობრივ ხელისუფლებას ქაოსურად გაცემული სამშენებლო ნებართვების გამო აკრიტიკებენ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.