ბლოგები

როგორ გავზარდოთ სკოლის მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი? – ფსიქოლოგის რჩევები

ავტორი: ანა ხუტიაშვილი

მოსწავლეთათვის სწავლის მოტივაცია თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მთავარ და თვალსაჩინო პრობლემას წარმოადგენს. მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას განაპირობებს არა მხოლოდ უნარები და შესაძლებლობები, არამედ სწავლისა და სწავლების სხვადასხვა კომპონენტი. მათ შორისაა მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სწავლების მეთოდები, სახელმძღვანელოების ხარისხი, სასწავლო გეგმა და ა.შ.

მოსწავლეთა განათლების მიღებაზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს სწავლის მოტივაცია. მოტივაცია განიმარტება როგორც შინაგანი იმპულსი, რაიმე მოქმედებისკენ, რომელიც გვეხმარება დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში.

სწავლის მოტივაცია არის ბიძგი, განახორციელოს მოსწავლემ მნიშვნელოვანი და ღირებული აკადემიური აქტივობები და მიიღოს მათგან სარგებელი.

თუ კი სასწავლო ქცევა აღძრულია მხოლოდ მოსწავლის ინტერესით, ცნობისმოყვარეობით და არა გარემოდან მიყენებული წნეხითა და იძულებით, შინაგანი მოტივაციაა. ხოლო, თუკი მოსწავლის სასწავლო ქცევის მიზეზი გარემოდან მომდინარეობს (მაგალითად, იძულება, სირთულისგან ან უსიამოვნებისგან თავის არიდება, ჯილდოს მიღება და ა.შ), მაშინ საქმე გვაქვს აგარეგანი მოტივაციით წარმართულ ქცევასთან.

ამასთანავე დამტკიცდა, რომ დასჯას მივყავართ მოტივაციის დაქვეითებამდე. ხოლო ჯილდოსა და წახალისებას ახასიათებს დამოკიდებულება.

ამიტომ სასურველია შემუშავდეს ისეთი მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს წახალისებასა და დაჯილდოებაზე ყურადღების გამახვილების თანდათანობით შემცირებას და შინაგანი მოტივაციის ამაღლებას.

1. მასწავლებლის კეთილგანწყობა, დადებითი ურთიერთობები დიდ როლს თამაშობენ მოსწავლეთა მოტივაციაზე

კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე სასწავლო მასალა. ეს ურთიერთობა მნიშვნელოვანია არამარტო სწავლის პირველ საფეხურებზე არამედ მოგვიანებითაც, როდესაც მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები უფრო მკაფიო ხდება.

2. მოსწავლის ძალისხმევის დაფასება

მოსწავლეთა ძალისხმევა შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ ძირითადად შედეგების შეფასებაზე უფრო მეტად ვიქნებით ორიენტირებული, ბავშვები მხოლოდ მათ მიღწევაზე იფიქრებენ და დაავიწყდებათ, რომ სასურველი შედეგის მისაღებად მათ ძალისხმევა სჭირდებათ. ამისთვის საჭიროა ვკონცენტრირდეთ მოსწავლეთა განათლებაზე, წავახალისოთ ისინი, რომ რაც შეიძლება დიდი ძალისხმევით მიუდგნენ სწავლის პროცესს. დავაჯილდოოთ ის მოსწავლე, რომელმაც დაუზარებლად იმუშავა: “თქვენ ძალიან ყურადღებით ხართ, ეს იმას ნიშნავს, რომ დავალებით დაინტერესებულნი ხართ”, ან კიდევ “თქვენ დაუზარლად მუშაობთ, ასე ძალიან ბევრს ისწავლით”.

3. წავახალისოთ მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში

თუ მოსწავლეები იგრძნობენ, რომ ისინი საჭირონი არიან და აკისრიათ პასუხისმგებლობა, მათში მოტივაციის დონე საგრძნობლად აიწევს. შესაბამისად, თითოეულ მათგანს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამა თუ იმ აქტივობაში.

4. საქმე მრავალფეროვნებაშია

ბავშვები მალე იწყებენ მოწყენას თუ ისინი არ იღებენ შესაბამის რეაქციას გაკვეთილზე. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია დღეს, ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამყაროში, როდესაც ბავშვები დამოკიდებულნი არიან ტელეფონებსა და კომპიუტერებზე. ამისათვის საჭიროა, გაკვეთილზე შევეცადოთ თავი ავარიდოთ რუტინასა და ერთფეროვნებას, არ ვთქვათ უარი თანამედროვე, განმავითარებელ ტექნიკაზე. მივმართოთ შემოქმედებით მიდგომას. მოვიძიოთ ახალი, თანამედროვე მეთოდები გაკვეთილის ახსნისა. გაკვეთილებზე დრო დავუთმოთ თამაშებსა და დისკუსიებს, ეს საგაკვეთილო პროცესს უფრო აქტიურს გახდის, მოსწავლეები კი უფრო ჩართულნი იქნებიან. მოსაწყენი გაკვეთილები, რომლებშიც ბავშვები უბრალოდ იღებენ ინფორმაციას და არ არიან მასში აქტიურად ჩართული, არამხოლოდ არაეფექტურია, უფრო მეტიც, აქვეითებს ბავშვების მოტივაციასაც.

5. ავუხსნათ რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი

ხშირად მოტივაციას ვკარგავთ მაშინ, როდესაც არ ვიცით რეალურ ცხოვრებაში, როგორ შეიძლება გამოგვადგეს მიღებული ცოდნა. ამიტომ მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას მიღებული ცოდნის პრაქტიკულ ღირებულებას.

6. არ ღირს მათი დაუფასებლობა

როდესაც მასწავლებელი არ აფასებს მოსწავლეებს და მუდმივად მიმართავს, როგორც ზარმაცებს, მოუქნელებს, უსარგებლოებს, ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ ანადგურებს მათ მოტივაციას. თავი უნდა ავარიდოთ უარყოფით შეფასებებს და დასკვნებს. ამის სანაცვლოდ, უნდა წავახალისოთ მოსწავლეთა ძლიერი მხარეები, მიღწევები და ღირსება. ასაკის მიხედვით წავახალისოთ მათი ფიქრის ტაქტიკა. ასწავლეთ მათ გაიგონ, რომ ყველაფერი პირველივე ცდაზე შეიძლება არ გამოვიდეს, წარმატება და შესაძლებლობა მოაქვს პრაქტიკას. შევეცადოთ ჩამოვუყალიბოთ და გავამყაროთ მათი თვითრწმენა.

7. დავეხმაროთ მათ პრობლემების გადალახვაში

ბევრ ბავშვს უჭირს სწავლისადმი მოტივაციის შენარჩუნება, რადგან აქვთ შიშის მაღალი დონე, წარუმატებლობისა და სასურველი შედეგების მიუღწევლობისა. ვესაუბროთ მათ სიმშვიდეზე, ვასწავლოთ მათ წარუმატებლობაში დაინახონ დადებითიც. შეცდომები გვეხმარება, რომ ვისწავლოთ უფრო მეტი და გვეხმარება გავიგოთ, თუ რას არ უნდა ვაკეთებდეთ. თუ შიშის დონე მოსწავლეებში ძალიან მაღალია, მაშინ უნდა ვიმუშაოთ კლასის ეტაპობრივ მოდუნებასა და დამშვიდებაზე.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები