ბლოგები

როგორ გავხდი საყმაწვილო თეატრის მსახიობი და რას ვურჩევდი ჩემს თანატოლებს?

ავტორი: შალვა ყოჩიშვილი

ჩემი სახელია შალვა ყოჩიშვილი, დავიბადე 2008 წლის 3 ოქტომბერს ქ. თესალონიკში, საბერძნეთში. 2009 წლიდან ვცხოვრობ ჩემს სამშობლოში, საქართველოში, კერძოდ კი, კასპში. ვსწავლობ კასპის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საჯარო სკოლის Xა კლასში.

თეატრთან უშუალო შეხება არ მქონია , უფრო მეტიც, არც კი ვიცოდი, რომ მე აღმომაჩნდებოდა არტისტისთვის საჭირო თვისებები, ნიჭი. თუმცა  ხელოვნების ეს დარგი მომწონდა, მიყვარდა თავისებური ესთეტიკით, მართლაც, რომ გამორჩეული და შთამბეჭდავია. პირველად თეატრში ოჯახთან ერთად ვიყავი, კერძოდ, მოზარდ მაყურებელთა თეატრში. სპექტაკლის სახელიც მახსოვს – „სამყურა ყვავილი“

როგორ გავხდი საყმაწვილო თეატრის მსახიობი?

კასპში, რომ საყმაწვილო თეატრი ფუძნდებოდა, მეგობრისგან შევიტყვე მაშინ, როდესაც მოზარდების მიღება მიმდინარეობდა. მე, როგორც თეატრზე შეყვარებული, დაუფიქრებლად წავედი ქასთინგზე,  ჩემი მოტივაცია უბრალოდ ჩემი უნარების გამოცდა იყო.

თეატრალური სტუდიის ხელმძღვანელმა ეკატერინე ქვრივიშვილმა, სხვადასხვა აქტივობებით შეამოწმა თითოეული კონკურსანტის შესაძლებლობები, მათ შორის ჩემიც. დადებითი შეფასებები მივიღე და იმ  წუთიდან დავისახე მიზნად, რომ საკუთარი თავი თეატრალურ სამყაროში უნდა დამემკვიდრებინა. დაუღალავი შრომის ფასად მაყურებლის წინაშეც წარვდექი.

რას ვგრძნობ სცენაზე დგომისას?

თეატრის სცენაზე დგომა ნებისმიერი დამწყები თუ გამოცდილი მსახიობისთვის მუდამ ამაღელვებელია. მით უმეტეს ჩემთვის, რომელიც პირველად სცენაზე მაყურებლების წინ სულ რაღაც რამდენიმე თვის  წინ წარვსდექი. მთავარი გრძნობა, რასაც განვიცდი, ეს სასიამოვნო აღელვებაა, რაც მეხმარება ვიყო კონცენტრირებული პროცესზე და მასში სრულად ჩართული.

რა გეგმები მაქვს სამომავლოდ

ვგეგმავ აქტიურად გავყვე თეატრალურ წრეს. პირველ რიგში, მსურს, წარმატებით დავასრულო სწავლა სკოლაშიც და ჩემი სამომავლო კარიერა აქტიურად დავუკავშირო თეატრს. მსურს, რომ დრო არ დავკარგო და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.

როგორ მოქმედებს მასწავლებელი მოსწავლის მოტივაციაზე?

ყოველ მასწავლებელს, როგორც ოსტატს, განსაკუთრებული როლი და ადგილი უჭირავს თავისი „შეგირდის“ აღზრდასა და ჩამოყალიბებაში. გამონაკლისი არც მე ვარ. დიდად მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლებისა და, რა თქმა უნდა, ეკატერინე ქვრივიშვილის, რომელიც დამემხმარა საკუთარი ინტერესების გაცნობიერებასა და უნარების რეალიზებაში.

 მე ამაყი ვარ, რომ კასპის საყმაწვილო თეატრის სრულფასოვანი წევრი ვარ – ,,ფარდის მიღმამ“ მრავალ წარმატებას მიაღწია საქართველოში და ასევე საბერძნეთში, ათენში ფესტივალზე “დიონისე 2023”.

ყველა მოზარდს  ვურჩევ, მოსინჯოს თავისი შესაძლებლობები, როგორც თეატრში, ასევე ყველა სფეროში, რაზეც ხელი მიუწვდება, არავინ იცის, რომელ ადამიანში რა ნიჭი იმალება და თუ არ მოსინჯავთ, შესაძლოა, მთელი ცხოვრება დარჩეს მიმალული ის, რაც ყველაზე უკეთ შეგეძლოთ.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.