ადამიანები ისტორიები

პირველი ყვავილების სალონი აგარაში – 27 წლის ნათიას გზა იდეის გაჩენიდან ბიზნესამდე

ყვავილებს ადგილს ხშირად უცვლის. ზოგჯერ ფერების მიხედვით ალაგებს, ზოგჯერ კი – სახეობების. ამბობს, რომ სივრცე, სადაც ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებს, უნდა ყოველთვის ლამაზად, მოწესრიგებულად და სტუმრებისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს. 

“ამ სივრცემ შეცვალა ჩემი ცხოვრება”, – მითხრა ნათიამ, რომელმაც აგარაში პირველი ყვავილების სალონი გახსნა. 

ახსოვს ის დღე, როცა სალონის გახსნის იდეა პირველად გაუჩნდა და ახსოვს ის წარმატებული და წარუმატებელი ამბებიც, რომლებიც იდეის განხორციელებას ახლდა თან. 

“ჩემი დაბადების დღე იყო, ყვავილები მაჩუქეს. სწორედ მაშინ გავაცნობიერე პირველად, რომ ჩვენს დაბაში ყვავილების სალონი არ გვქონდა და იქვე ვთქვი, რომ ამაზე ფიქრი ღირდა”, – იხსენებს ნათია. 

სალონის გახსნაზე ფიქრი ნათიამ ამ დღიდან დაიწყო, თუმცა საქმის წამოწყებას ვერ ბედავდა – ფინანსების და შესაბამისი გამოცდილების უქონლობის გამო. 

“მგონია, რომ აი, აქ დამეხმარა ყველაზე მეტად ჩემი პროფესია. ბუღალტერი ვარ და გონებაში, სულ ვალაგებდი მოსალოდნელ ხარჯებს და ფინანსურ გამოწვევებს. საბოლოოდ, ჩემს მეგობარს ვუთხარი, მოდი და გავხსნათ-მეთქი და აი, ასე, უცებ, ერთი შეხედვით არაფრიდან გავხსენით ყვავილების მაღაზია”. 

სალონი გოგონებმა 3 მარტს გახსენს და ყველა ყვავილი ერთ დღეში გაყიდეს. ნათიამ გვითხრა, რომ ამდენი სტუმრისთვის მზად არ იყვნენ და გახსნიდან ერთ დღეში, მარაგის შევსებამდე, სალონის დახურვა მოუხდათ. 

“3 მარტს დავამთხვიეთ ჩვენი მაღაზიიის გახსნა, რამაც განაპირობა ჩვენი რეკლამა და ნახევარ დღეში მოგვიწია მაღაზიის დაკეტვა, რადგან მთლიანი საქონელი გაყიდული გვქონდა. ამან სტიმული მოგვცა, ვისესხეთ ფული და ნასესხები თანხით დავიწყეთ ბიზნესი”. 

მუშაობის პროცესში, მეგობრები ერთად სწავლობდნენ ყვავილების დასახელებებს, სახეობებს შორის სხვაობებს და მათი მოვლის თავისებურებებს. ამბობს, რომ სწავლის პროცესი ამ საქმის განუყოფელი ნაწილია. 

“მოგვიანებით, ამ საქმეში მარტო დავრჩი და უკვე 1 წელია, უკვე მარტო ვმართავ მაღაზიას. გაიზარდა მოთხოვნა, დავიხვეწე შედარებით, ნელ-ნელა ვისწავლე ყვავილებთან მუშაობა და ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე საკმაოდ კარგად გამომდის და რაც მთავარია, მაბედნიერებს და მიყვარს ჩემი საქმე”. 

ნათია ახლა 27 წლისაა და სალონის მართვის პარალელურად, შვილსაც ზრდის. ამბობს, რომ ოჯახის წევრების თანადგომა ყველა ქალს სჭირდება, რათა შვილის აღზრდის პარალელურად, საკუთარი თავის განვითარებაც შეძლოს. 

“რთულია ოჯახის და სამსახურის შეთავსება ერთმანეთთან, მაგრამ შეუძლებელი არაა, თუ ოჯახში მხარდამჭერები გყავს. ჩემთვის ასეთი ჩემი მეუღლეა, რომელიც ბავშვზე ისევე ზრუნავს, როგორც მე და შესაბამისად, ჩემი თავის და ჩემი საქმის განვითარების საშუალებას მაძლევს”, – მითხრა საუბრის ბოლოს და იქვე დაამატა, – მონდომება, შრომა და საქმის სიყვარული თუ გაქვს, ადრე თუ გვიან, წარმატებაც მოვაო, მე ამის მჯერა და ამას ვხედავო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი