ადამიანები ისტორიები

“მიწაზე მუშაობას თავისი ენერგია აქვს” – ბექა წიქარიშვილის მეურნეობა

“შრომის მაგალითს ჩემი 80 წლის ბებია მაძლევს”, – ამბობს ბებნისში მცხოვრები მეურნე, რომელიც 5 წელზე მეტია სასოფლო სამეურნეო საქმიანობას ეწევა.

33 წლის ბექა წიქარიშვილმა სამეურნეო საქმიანობა რამდენიმე ნამყენით დაიწყო, ახლა კი დაახლოებით 3 ჰექტრამდე მიწას ამუშავებს. ამბობს, რომ მიწათმოქმედება უყვარს და ამით დიდ ენერგიას იღებს.

“ბიზნეს ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საამსახურში ვმუშაობდი, მაგრამ ვხედავდი, რომ სახლში ბევრი საქმე მიფუჭდებოდა. დავანებე თავი სამსახურს და ჩავები სამეურნეო საქმიანობაში. პაპის და მამის დატოვებულ მიწის ნაკვეთზე გავაშენე ხეხილი, ვაზი, ბოსტნეული. პირველად მცირედით დავიწყე, სადღაც 200 ძირი ნამყენი ჩავყარე, ახლა 2.5 ჰა-ზე მაქვს გაშენებული”, – ამბობს ბექა.

ბექას დილა ადრიანად იწყებს, ჯერ შემოვლას აკეთებს და ამოწმებს, რომელ მცენარეს რა სჭირდება, შემდეგ უკვე ნიადაგზე მუშაობს.

“ვათვალიერებ მცენარეებს, რამე ხომ არ სჭირდებათ, დაავადება ხომ არ აქვთ. ამის შემდეგ ვიწყებ შრომას. რომელიც უფრო საჩქაროა, ჯერ იმას ვუვლი, რომ არ გაფუჭდეს და დრო სწორად გავანაწილო. დიდი ყურადღება სჭირდებათ, თუ დააგვიანე და რაღაც ვერ გააკეთე თავის დროზე, მერე უკვე აზრი აღარ აქვს. სამეურნეო საქმიანობაში ოჯახი და ბებო მეხმარება, რომელიც 80 წლისაა, ის მაძლევს შრომის მოტივაციას “, – გვიყვება ბექა.

მიწების დამუშავების გარდა, ბექას ნერგებიც თვითონ გამოჰყავს.

“მსიამოვნებს მიწაზე მუშაობა, ენერგიას ვიღებ მისგან, თუმცა ეს საქმე ასევე ბევრ შრომას მოითხოვს. სხვა სამსახურშიც რომ ვიმუშაო, აქ გამიფუჭდება საქმე, ამიტომ მთლიანად მეურნეობაზე ვარ გადრთული. გამომყავს სხვადასხვა ხეხილის ნერგები, ტყემალი, გარგარი, ბალი, შინდი, ქლიავი. რაც მოდის ჩვენს რეგიონში, ყველაფერის ნამყენი გამომყავს. ეს ის საქმეა, რომელიც მიყვარს. ჩემს ნაშრომს რომ ვუყურებ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.