ადამიანები ისტორიები

9 აგვისტოს 19 წლის ჯარისკაცის სიცოცხლე ოკუპანტის ბომბმა იმსხვერპლა – გიორგი წიქარიშვილი

9 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან 19 წლის გიორგი წიქარიშვილის სიცოცხლე ოკუპანტების ბომბმა იმსხვერპლა, როდესაც ავიაციამ მის დანაყოფს ბომბები დაუშინა გიორგი ალმოდებილ ტანკებს შორის წინ გაჭრილა, მის უკან მდგომი ყველა გადარჩა, ის კი ცეცხლიდან ვეღარ გამოვიდა.

გიორგი 1988 წელის 30 აგვისტოს ხაშურში დაიბადა. 18 წლისა უკვე ჯარისკაცი იყო. ჯარის კაცის ცხოვრება ძალიან მოსწონდა, ვიდრე მოწვევა მიუვიდოდა თავად გამოცხადებულა კომისარიატში და მოუწერია ხელი კონტრაქტზე. ვაზიანის 42-ე ბატალიონში მსახურობდა.

გიორგი ოჯახს და ახალმოყვანილ მეუღლეს 4 აგვისტოს გამოემშვიდობა, იმ იმედით რო  30 აგვისტოს დიდ ქორწილს გადაიხდიდა.

“დილაუთენია გავიდა. ძილბურანში ვიყავი, როცა გიორგის ხმა მომესმა: „აბა, ჰე, კარგად იყავითო“ . ჩემს რძალსაც ვკითხე, ბოლოს რა გითხრა-მეთქი? ასე მითხრა, ერაყში ისე არ წავალ, თუ ბიჭი არ მეყოლებაო. ეს იყო ორშაბათი დილა, 4 აგვისტო, ვაზიანიდან 6-ში წაიყვანეს. ბოლოს 8-ში ველაპარაკეთ, დედა ვარ და მაინც ვუთხარი, რომ, თუ რამე ხდება ისეთი, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიე-მეთქი, გაბრაზდა და მითხრა: შენ ასეთი ლაპარაკი არ გეკადრება, მე ათი ნაბიჯით წინ თუ არ წავედი, ჩემს ძმებს რა პასუხი გავცეო”, – იხსენებს დედა მარინა ბარბაქაძე

გიორგის მოძებნა დეენემის ანალიზის შედეგად მოხდა. ის დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში ძმათა სასაფლაოზე.

ხაშურში გიორგი წიქარიშვილის სახელობის ქუჩა არსებობს და მას ეს სახელი 2009 წელს აქვს მინიჭებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.