ადამიანები ისტორიები

აგვისტოს ომის გმირი ოსიაურიდან – ზაურ მახარაშვილი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურმა აგვისტოს ომში 21 წლის ზაურ მახარაშვილი დაკარგა. ამ სოფელში დაბადებული და გაზრდილი ბიჭი ყველას უყვარდა. იხსენებენ, რომ ზაური ძალიან მხიარული და კეთილი ადამიანი იყო.

ზაურს სამხედრო სამსახური ერთი წლის დაწყებული ჰქონდა, ის სნაიპერი იყო და ომამდე ერაყში წასვლას გეგმავდა. 

“ზუსტადრთ კვირაში ერაყში მიდიოდა. ძალიან უხაროდა. პასპორტის გაკეთება რომ დაიწყო, ვეხვეწებოდი, გადაიფიქრე-მეთქი, მაგრამ მამშვიდებდა, 6 თვე უცბად გავაო”, – იხსენებს დედა.

ზაური მე-4 ბრიგადის 144-ე ბატალიონში მსახურობდა. 8 აგვისტოს ღამეს მისმა დანაყოფმა ბრძანება მიიღო და ცხინვალის მისადგომებისკენ დაიძვრნენ. ზაურმა შინდისთან ორმოში ჩავარდნილი, ფეხმოტეხილი მეგობარი იპოვა, რომელიც შველას ითხოვდა. მტრის თვითმფრინავმა ბომბი ზუსტად მაშინ ჩამოაგდო, როცა ზაურს დაჭრილი მეგობარი ორმოდან ამოჰყავდა, ორივე ადგილზე დაიღუპა.

დედა დარეჯან მახარაშვილი იხსენებდა, რომ შვილის გარდაცვალებამდე მას წინათგრძნობა ჰქონდა.

“მეზობლის სამძიმარზე ვიყავი წასული და რომ მივედი, რატომღაც გარდაცვლილი ქალის მაგივრად კუბოში ჩემი შვილი მომეჩვენა. სიზმარიც ვნახე. ამ ყველაფერმა ძალიან შემაშინა და მამაოს მოვუყევი. თურმე 8-ში უკვე დაღუპული იყო, ჩვენ კი რამდენიმე დღის მერე გავიგეთ. ერთ დღეს ჩემი შვილის მეგობარი ვნახე, ვთხოვე, თუ რამე იცი, მითხარი მეთქი. თურმე ზუსტად მაგ დროს ტელევიზორში უჩვენებიათ გარდაცვლილი ზაურის კადრები”, – იხსენებს ის.

ზაური 19 აგვისტოს ოსიაურში დაკრძალეს. ახლობლების ინფორმაციით ომიდან დაბრუნების შემდეგ მას ორი დიდი სურვილი ჰქონდა, ცოლის მოყვანას და მანქანის ყიდვას აპირებდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.