ადამიანები ისტორიები

ხელოვანს მოეთხოვება დინების წინააღმდეგ ცურვის სითამამე – ქვიშხეთელი მხატვრის ამბავი

პირველ რიგში, მე ვარ ადამიანი და ვცდილობ დავრჩე ადამიანად, – გვითხრა მხატვარმა არსენ გომარელმა, რომელიც ფიქრობს, რომ ყველა ადამიანის მთავარი მიზანი, ცხოვრების სირთულეების მიუხედავად, ადამიანად დარჩენა უნდა იყოს. 

არსენი მალე გერმანიაში გაემგზავრება და როგორც თავად ამბობს, ერთდროულად ორ ადგილას ცხოვრება მისი დღის წესრიგის ნაწილად იქცა. ის პირველად საქართველოდან 2016 წელს წავიდა, საბოლოოდ გერმანიაში ჩავიდა და მას შემდეგ, მისი საქმიანობა, მიზნები და ფიქრები სწორედ ამ ორ ქვეყანას უკავშირდება. 

“3 წლის წინ ისეთი ადამიანი გავიცანი, რომელიც ჩემი სამყაროს ნაწილი აღმოჩნდა, ისიც მხატვარია და ახლა სწორედ ის მაბრუნებს გერმანიაში. აი, 2016 წელს კი, როცა სამშობლოდან წავედი სულ სხვა სიტუაცია იყო, მაშინ ბევრი სხვა პრობლემა მქონდა, მათ შორის სოციალურიც”. 

გვითხრა, რომ სექტემბერში გამოფენის მოწყობას ჰანოვერში აპირებს. 

“ერთი თვის წინ ერთობლივი გამოფენა გვქონდა მიუნხენში, სადაც საერთო ნახატები გამოვფინეთ, ანუ ერთ ტილოზე ორი მხატვრის ნამუშევარი იყო და გამოფენას “სინთეზი” ერქვა. ამ გამოფენის შემდეგ მიწვევა მივიღეთ და სექტემბერში ჰანოვერში ისევ ერთობლივი გამოფენას ვაპირებთ”.

არსენის გამოფენებს ყველაზე ხშირად ქართველი ემიგრანტები სტუმრობენ. მათთან საურთიერთობოდ, მხატვარს სახელოსნოც ჰქონდა გახსნილი. 

“სახელოსნოც გვქონდა გახსნილი ქართველი სათვისტომოს ინიციატივით, მაგრამ შენობა არ იყო ჩვენი და დაიხურა. ისევ გვაქვს გეგმაში გახსნა, თუ მოგვეცა საშუალება. ხატვის სწავლის სურვილი, ბავშვებთან ერთად, დიდებსაც აქვთ”.

არსენს ახლახანს 41 წელი შეუსრულდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ყველაზე ძირეული ცვლილებები მის ცხოვრებაში ბოლო რვა წელში, ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მოხდა.

“8 წლის წინ, ავდექი და წავედი მეგობრების დახმარებით, თუმცა ვიტყვი, რომ ზოგი ჭირი მარგებელია. ეს წასვლა დიდი გამოცდილება და გამოწვევა იყო, მაგრამ ამ მოგზაურობამ ბევრი რამ შეცვალა უკეთესობისკენ”.

როგორც საუბრის ბოლოს გვითხრა, ამ დროის განმავლობაში დაჯილდოებებზეც არაერთხელ მიიწვიეს, მაგრამ ყველა მოსალოდნელი ტიტული და წოდება უმნიშვნელოდ ჩათვალა. 

“აღარც მახსოვს, უარი ვთქვი, რადგან ხელოვნებას ჩემთვის არ სჭირდება ტიტულები და სერტიფიკატები ის უნდა იგრძნო, შეიყვარო შენში და დააფასო, როგორც ღმერთის საჩუქარი და წყალობა”. 

ამბობს, რომ ხელოვანად მხოლოდ ხატვის ტექნიკის ცოდნა ვერ გაქცევს, ამისთვის საჭიროა გესმოდეს შენი სინდისის ხმის, გქონდეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვის სითამამე და შეგეძლოს იგრძნო ის, რასაც ხატავ.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი