ადამიანები ისტორიები

მომღერალი და კომპოზიტორი ხაშურიდან, რომლის სიმღერაც იერუსალიმის რადიოში ჟღერდა

ბავშვობაში ყველა პატარას თავისი ოცნებები და მისწრაფებები აქვს. ამ მხრივ გამონაკლისი არც ირმას პატარაობა ყოფილა, მომღერლობაზე ოცნებობდა და უნდოდა ფორტეპიანოს განხრით გაეგრძელებინა სწავლა. დაკვრა 5 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა. ამბობს, რომ სიმღერის ნიჭი მასში ბებიამ აღმოაჩინა.

“ისეთი პატარა ვიყავი, ფორტეპიანოს ხელებს ვერ ვაწვდენდი, მაგრამ მელოდიებს მაინც ვუკრავდი. ძალიან მორცხვიავშვი ვიყავი, სახლის ყველაზე ბოლო ოთახში მივდიოდი, ჩავრთავდი მუსიკას და ვმღეროდი ხოლმე. ერთხელ ბებიამ შემოაღო კარი და ატეხა ერთი ამბავი, ბავშვი თურმე მღერის და უკრავს, ჩვენ კიდევ არ ვიცითო”, – იხსენებს ირმა.

ირმას მუსიკის სიყვარული შთამომავლობით გადაეცა – მღეროდა და უკრავდა პაპა, ასევე მამაც. ამბობს, რომ საფორტეპიანო განხრით უნდოდა სწავლის გაგრძელება, თუმცა ვერ შეძლო.

“ჩემი სურვილი იყო კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ იმ დროს ფინანსების არარსებობის გამო, ხელი არ შემეწყო, დასარჩენიც არ მქონდა თბილისში და სამწუხაროდ, კონსერვატორიაზე უარი ვთქვი და ვოკალისტობა ავირჩიე. ნაადრევი ასაკიდან დავიწყე სიმღერების წერა, 14-15 წლის ასაკში პირველი სიმღერა შევქმენი და წლების შემდეგ სტუდიური ვერსიაც ჩავწერე”, – გვიყვება ირმა.

ირმამ დაახლოებით 20 წლის წინ რესტორანში დაიწყო სიმღერა. ამბობს რომ რთულია, რადგან შეიძლება ყოველთვის არ იყოს ადამიანი სიმღერის ხასიათზე, მაგრამ პროფესია აიძულებს.

“დაოჯახებული არ ვიყავი, როდესაც რესტორანში სიმღერა დავიწყე. არ ვიყავი ისეთი ბავშვი, რომ მშობლებზე ვყოფილიყავი დამოკიდებული და გადავწყვიტე, რესტორანში დამეწყო სიმღერა. გვიჭირდა ოჯახს და ყოველთვის ვცდილობდი დავხმარებოდი მათ. ერთ ღამეში ცოცხალი შესრულებით 40 სიმღერაც შემისრულებია. სიმღერის განწყობა ყოველთვის არ არის, რადგან ცხოვრებაა ისეთი, ბევრი საფიქრალია”, – ამბობს ის.

ირმას სიმღერა იერუსალიმის რადიოშიც ჟღერდა. ამბობს, რომ ეს მოულოდნელი და მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო მის კარიერაში.

“ქართველი ებრაელი გავიცანი, რომელიც წერს ლექსებს და ამ ადამიანმა გამომიგზავნა საკუთარი ლექსების კრებული. წიგნი რომ მივიღე, გადავშალე და მომხვდა თვალში “იქ დამირწია ებრაელმა დედამ აკვანი”. აქ იყო საქართველოე და მის სიყვარულზე ლაპარაკი და გადავწყვიტე, სიმღერა შემექმნა. ჩავწერე და გადავუგზავნე. ამის შემდეგ გავიდა რადიოში ჩემი ნამღერი და ჩემი შექმნილი მუსიკა”, – ამბობს ირმა.

ირმას ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი, რომლის ჩაწერასაც ვერ ახერხებს, რადგან საჭირო ფინანსები არ აქვს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.