ადამიანები ისტორიები

“სამშობლო უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის” – 69 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან

“მგონია, რომ უშიშარი ქალი ვარ”, – გვეუბნება მანიჟა, – “ამას უბრალოდ არ ვიძახი, მე მარტო არ ვარ, ჩემი ხალხი და ჩემი ოჯახი მყავს გვერდით და ეს მაძლიერებს”.

შიშს თვალებში მრავალჯერ ჩახედა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოშიც. ომის დროს სოფელი ბევრმა დატოვა. ის კი არსად წავიდა. 

„რა თქმა უნდა, ომი საშინებელებაა, მძიმე გადასატანი და უსამართლო. სოფლიდან ფეხი არ გამიდგამს, ოჯახთან ერთად ვიყავი სახლში. საკუთარ თავზე არ ვდარდობდი, სხვები მყავდა მისახედი. მუდამ მზად ვიყავი მათ გადავფარებოდი“.

მანიჟა ქარელიძე მეჯვრისხევში ცხოვრობს. სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ამბობს, რომ სხვა სოფლების მსგავსად საარსებოს შოვნა აქაც რთულია, თუმცა არა – შეუძლებელი.

„გული მწყდება, როცა ვიგებ, რომ ვიღაც სამუდამოდ ტოვებს აქაურობას. ცოტა ისე კი გამომდის, მაგრამ მეჯვრისხევი არის ჩემი სამშობლო და სხვა ქვეყნის სამოთხეზედ არ გავცვლი. მე ასე მგონია, რომ სამშობლო უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის“.

მანიჟა 69 წლისაა. იმედით უყურებს მომავალ თაობას. უხარია, როცა იგებს, რომ ვინმე საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა, რადგან სჯერა, რომ ქვეყნის წინ წაწევა მხოლოდ განათლებულ თაობას შეუძლია.

„მე მჯერა, რომ ის სიკეთე, რომელსაც განვითარებულ ქვეყნებში მიიღებენ, ისევ ჩვენ დაგვიბრუნდება. სასწავლებლად უნივერსიტეტში წასვლას კი მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები და ვნატრობ, უფრო და უფრო მეტი წავიდეს, ოღონდ აუცილებლად დაბრუნდეს ჩვენს ქვეყანაში“.

ის პროფესიით ქიმიკოსია და განათლების მისაღებად, ახალგაზრდობაში სოფელი თავადაც დატოვა. 

„სოფლიდან გარკვეული პერიოდი წასული ვიყავი. ჯერ ვსწავლობდი, მერე ეროვნულ ზარაფხანაში ვმუშაობდი ქიმიკოსად. როცა ამოვწურე ჩემი თავი, დავბრუნდი. მე მინდოდა სწავლა და მომწონდა ჩემი პროფესია“

ხშირად უფიქრია, რას შეცვლიდა დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს. „ძალიან, ძალიან ბევრ რამესო“ – გვეუბნება ღიმილით.

„ისე, გული ახლაც უბერებელი შემრჩა. მერე რა, რომ 69 წლის ვარ, მაინც ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ჩემს საკუთარ დასთან, შვილთან თუ რძალთან, მათი ასაკისა მგონია თავი“.

ასაკის მატებასთან ერთად, განვლილ წლებზე უფრო და უფრო ბევრს ფიქრობს და როგორც მითხრა, დღითიდღე რწმუნდება, რომ ცხოვრებაზე უკეთესი მასწავლებელი არ არსებობს. 

„ისე უნდა იცხოვრო, რომ გარდაცვალების მერეც ახსოვდე ხალხს და იქაც ნათელი დაადგესო, თქვან. ესაა მთავარი. რაც არ უნდა მძიმე პერიოდი გქონდეს, ადამიანობა არ დაკარგო. თუ გაუმკლავდები, გაიმარჯვებ აუცილებლად. მე ეს ცხოვრებამ მასწავლა”.


მასალა მომზადებულია პროექტის “ქალები და ოკუპაცია” ფარგლებში. პროექტს “მოზაიკა” შვედური ორგანიზაციის “სამოქალაქო უფლებების დამცველები” დაფინანსებით ახორციელებს. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის პოზიციებს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.