ადამიანები ისტორიები

“ბავშებს სიყვარული უნდათ, თუ ეს იგრძნეს იგივეთი გპასუხობენ” – სკოლა ნუნუ მახარაშვილისთვის

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლას 73 წლის ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგი ჰყავს. ნუნუ მახარაშვილი თითქმის ნახევარი საუკუნეა სკოლაში მუშაობს და ამ წლების განმავლობაში, სულ მცირე 40 სადამრიგებლო კლასი ჰყავდა.

ბავშვები ძალიან უყვარს, მათ გარეშე ცხოვრება და საქმიანობა ვერ წამოუდგენია.

ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან დღემდე თბილი ურთიერთბა მაქვს. აი, ერთი ახალგაზრდა ამერიკაშია წასული, იქ შრომობს. შარშან ჩემს დაბადების დღეზე მოვიდა, მიყვებოდა, რომ დილით დიდიხანი ელოდა, როდის გაიღებოდა ყვავილების სალონი, ჩემთან რომ მოსულიყო. არასდროს ვავიწყდები, მიგზავნის საჩუქრებს, მკითხულობს. ეს ჩემთვის იმდენს ნიშნავს, რომ მილიონი რომ მაჩუქოს ვიღაცამ, ალბათ ისე არ გამიხარდება, როგორც ეს ყურადღება”.

ნუნუ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ სათერძეში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. აღნიშნავს, რომ ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში ძალიან უყვარდა, პროფესიის არჩევისკენ კი სკოლის დამრიგებელმა უბიძგა.

“კლასის ხელმძღვანელი მყავდა ძალიან კარგი, რომელიც ქართულის მასწავლებელიც იყო. ისე შეგვაყვარა თავი, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის სხვა სპეციალობაზე მეფიქრა. ამას ვფიქრობ ახლაც, მე სხვაგან ვერ ვიქნები. სანამ მუხლი და გონება მიჭრის, ვიქნები სკოლაში. ვერ გავძლებ ბავშვების გარეშე. მთელი წელი ხომ ვიღლები და გაზაფხული რომ მოდის, ვამბობ, რა კარგია არდადეგები იწყება, მიხარია. ორი კვირა გავა არდადეგებიდან და ვამბობ, ბავშვები როგორ მენატრებიან. მათ გარეშე ვერ ვძლებ, როცა თავს დავანებებ, როგორ ვიცოცხლებ არ ვიცი, ჯერ კი ამას არ ვაპირებ”.

24 წლის იყო, როდესაც პედაგოგად მუშაობა დაიწყო და ხუთი ათეული წელია ამ საქმეს სიყავრულით ემსახურება. გვიყვება, რომ თავს უამრავი საინტერესო ისტორია გადახდენია.

“ყოველვის კარგი ურთიერთობა მქონდა ბავშვებთან და დღესაც ასე ვარ. რომ შევდივარ კლასში, მეც მიხარია და თვითონაც უხარიათ. ამ სიყვარულს რომ ვგრძნობ, ეს არის ჩემთვის ყველაფერი. ამ ერთი წლის წინ, ერთ-ერთ კლასში შევედი, იქ იყო მოსწავლე, რომელიც 5-6 ქულაზე სწავლობდა, ჩემი შესვლიდან  ორ კვირაში, ეს ბავშვი 10-ქულამდე ავიდა და ახლა სტუდენტია. არ ვიცი, რანაირად გავუგეთ ერთმანეთს, ფაქტია, მას მერე ამ ახალგაზრდამ სწავლა დაიწყო. ბავშვებს ყურადღება, სითბო, სიყვარული უნდათ, თუ ეს იგრძნეს თვითონაც გიფასებენ”.

ნინუმ სასერტიფიკატო გამოცდები ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის წოდებაც მიიღო. ის სკოლის გარდა მოსწავლეებს სახლშიც ამზადებს.

“ყოველ წელიწადს მყავს ბავშვი, რომელიც ნიჭიერია და მომზადების ფული არ აქვს, უჭირს. თვითონ ვერ ბედავენ ,მაგრამ მე მითქვამს, შენი არაფერი არ მინდა, მოდი, მოგამზადებ-მეთქი. ამ წლების განმავლობაში, ბევრი ასეთი ბავშვი მყავს მომზადებული, არაფერი მათგან არ ამიღია.”

პედაგოგი ახლახანს “დედა ენის ქურუმის” წოდებით დააჯილდოვეს. ეს ჯილდო მას ქართულ ენის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადასცეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.