ადამიანები ისტორიები

“ნაქსოვი ნივთები ბოლო დროს აქტუალური გახდა” – ჩანთები და აქსესუარები მარი მარჯანიძისგან

“თუკი ადამიანს რაიმე ნივთის ან აქსესუარის შექმნა სურს, სავსებით შესაძლებელია მისი მოქსოვა. გვინდა სათავსო, ვქსოვთ; ბავშვის ჩასაწვენი მოგვწონს და ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულით გვინდა დამზადება, გავაკეთოთ ნაქსოვი. დღევანდელობაში ყველაფერი შეგვიძლია, რომ შევქმნათ, ისეთი როგორიც გვინდა და მოგვწონს”, – ამბობს 30 წლის მარი მარჯანიძე, რომელიც ქსოვის ტექნიკას 10 წლის ასაკში დაეუფლა.

“თითქოს ერთი შეხედვით მარტივი ხელსაქმეა, რომელიც ყველა ოჯახში ერთმა ადამიანმა მაინც იცის, მაგრამ თუ ფანტაზიას ჩავრთავთ, საოცარი ნივთების შექმნა შეგვიძლია, თან რაც მნიშვნელოვანია, ქსოვა არის ყველაზე მაგარი განტვირთვა და დამამშვიდებელი საშუალება”, – გვიყვება ის.

მარი ქარელში ცხოვრობს, ხელსაქმე დედისგან ისწავლა და შეიყვარა. პატარა ასაკში პირველი ნამუშევრები თოჯინებისთვის შექმნა.

“ქსოვა დედისგან ვისწავლე, გვიქსოვდა ნაირნაირ სვიტრებს, ჟაკეტებს, ქუდებს და ლამაზ ჩანთებს, როდესაცსოვდა, ყურებაც კი მსიამოვნებდა და სულ მქონდა სურვილი მესწავლა. 10 წლიდან დავიწყე თოჯინებისთვის ტანსაცმლის მოქსოვა. მივხვდი, რომ მსიამოვნებდა ქსოვა და დღემდე მივყვები ამ საქმიანობას”.

მარიმ საკუთარი ნამუშევრების გაყიდვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ახლობლებმა და მეგობრებმა შექმნილი ნივთები მოუწონეს და მათაც გაუჩნდათ შეძენის სურვილი.

“ძალიან მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები ახლობლებს და მირჩევდნენ მეცადა გაყიდვა და მექცია მცირე ბიზნესად. მეც წლების წინ დავიწყე ჩანთების მოქსოვა. ბოლო დროს მოქსოვილი ჩანთები, სათავსოები, საცურაო კოსტიუმები, სვიტრები და მაკიაჟის ჩანთები ძალიან აქტუალური გახდა, ამიტომ სეზონურად მეც იმ ნამუშევრებს ვქმნი, რაზეც მოთხოვნაა და მიკვეთავენ”.

მარიამი საკუთარ ნამუშევრებს სოციალური ქსელის საშუალებით ყიდის.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.