სტატიები

თავშესაფრები და მოხალისეები – მოქალაქეთა ხედვა მიუსაფარ ცხოველთა პრობლემის მოსაგვარებლად 

მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების აღრიცხვა-პასპორტიზაცია, მკაცრი სანქციები და პოპულაციის მართვა, – ამ მეთოდებზე საუბრობენ ორგანიზაციები, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვაზე მუშაობენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი კანონით უნდა დარეგულირდეს. კანონმდებლობის დახვეწამდე კი, მოქლაქეებს პრობლემის მოგვარების სხვა იდეებიც აქვთ.

რას ფიქრობენ მოქალაქეები მიუსაფარი ცხოველების საკითხზე და როგორ ესახებათ პრობლემის მოგვარების გზები? “მოზაიკამ” მოქალაქეთა გამოხმაურებები შეაგროვა. 

მოქალაქეთა ნაწილი ფიქრობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა თავშესაფრების გარეშე ვერ მოგვარდება. ისინი ამბობენ, რომ მსგავსი დაწესებულებების დაფინანსება მოქალაქეებსაც შეუძლიათ. აღნიშნავენ იმასაც, რომ თავშესაფრებში უნდა დაინერგოს მოხალისეობრივი სისტემა და ადამიანებს მის ფუნქციონირებაში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ.

თათია გოლოშვილი: “მანამ არ მოხდება ყველა არსებული ცხოველის თავშესაფარში დატოვება, არაფერი გვეშველება. ყველას ეცოდინება, რომ სოფლიდან ჩამოყვანილს გზაზე კი აღარ დააგდებენ, ჩააბარებენ თავშესაფარში. უამრავი ცხოველთა მოყვარულები არიან, ვინც უამრავ თანხას რიცხავენ მათი მკურნალობისთვის. ეს თანხა თავშესაფარში ჩაირიცხება და პრობლემაც მოგვარდება. თუ ვინმეს აყვანა ენდომება მივა და აიყვანს იქიდან. ყველა რეგიონს რომ ექნება თავისი თავშესაფარი, ასე აღარ მოხდება. ვისაც სურვილი ექნება, მივა და მოხალისედ იმუშავებს. ან გამოსავალია შეწყდეს გამრავლება, რამდენიმე წლით და იყოს დასჯადი, ცოტა ამოისუნთქებს ქვეყანა.”

მარიამ თოფჩიშვილი: “როგორც 112-ის საფასური გვეჭრება, ასე იყოს სავალდებულო მიუსაფრებისთვის ჩამოეჭრას თითოეულს და მშვიდი საცხოვრებელი მივცეთ და ჩვენც მშვიდად ვიცხოვროთ”.

მოქალაქეები ამბობენ, რომ რეგიონში არსებული ინტერმუნიციპალური სააგენტო პრობლემის მოგვარებას ვერ უზრუნველყოფს და თანხა, რომელიც მისი ფუნქციონირებისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა, არაეფექტურად იხარჯება. 

ინფორმაციისთვის, 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  მოუსაფარ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას ყველა რეგიონში აანონსებდა, თუმცა გორში აშენდა არა თავშესაფარი, არამედ ცხოველთა პოპულაციის მართვისთვის განკუთვნილი დაწესებულება, რომელიც შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტს ემსახურება, მიუსაფარი ცხოველების ხანგრძლივად გაჩერება კი, ამ მომსახურებაში არ შედის. ცოფზე დამუშავებული და გასტერილებული ძაღლი სააგენტოდან ისევ ქუჩაში ბრუნდება. 

ამავე თემაზე: დაჩიპვისა და სანქციების გარეშე ძაღლების პოპულაციის მართვა გაგვიჭირდება – ინტერვიუ ბაქარ გიუნაშვილთან

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.