სტატიები

34 ტენდერი 2 წელში – ხაშურის მერიის თქმით, “ჰედეფ ჯორჯიას” რეგიონში კონკურენტი არ ჰყავს

ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის ტენდერებში ლიდერობს შპს “ჰედეფ ჯორჯიაა”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან გოგოლაძეა, ხოლო დირექტორი ივანე გელაშვილი. 

პარტიის “საქართველოსთვის” წევრი ხაშურის საკრებულოში, შოთა კურტანიძე აღნიშნული კომპანიის მიერ ხაშურის მერიის ტენდერების ხშირად მოგებას საეჭვოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ორ წელში ხაშურის მერიისგან შპს “ჰედელფ ჯორჯიას” 20 მილიონი აქვს მიღებული. 

“მე, როგორც საკრებულოს დეპუტატს, მაინტერესებს, რამდენად ნორმალურია, რომ ერთი კომპანია შპს “ჰედელფ ჯორჯია” 2 წლის განმავლობაში უალტერნატივოდ გამარჯვებულად 34-ჯერ ცხადდება მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში და სარგებელს 20 მილიონ ლარს ღებულობს”, – ამბობს კურტანიძე. 

ხაშურის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული კომპანია ხაშურის მუნიციპალიტეტში უალტერნატივოა.  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი პაპიაშვილის თქმით, ამ კომპანიას დიდი რესურსი გააჩნია და სამუშაოებსაც დროულად ასრულებს.

“მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული კომპანია შპს “ჰედელფ ჯორჯია” აწარმოებს საგზაო სამშენებლო სამუშაოებს, ხაშურში ამ კომპანიას ფაქტიურად არ ჰყავს ალტერნატივა, ვინც კონკურენციას გაუწევს, ძირითადათ ჩვენთან, ქარელში, გორში ოპერირებს ეს კომპანია. არის დიდრესურსიანი და თითქმის ყველაფერს თვითონ აწარმოებს. სხვა კომპანიებმა კონკურენცია როგორ უნდა გაუწიონ, არ ვიცი”, – აღნიშნა გიორგი პაპიაშვილმა.

“ჰედებ ჯორჯია” 2014 წელს შეიქმნა. ის თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა. თავდაპირველად მას ორი მფლობელი ჰყავდა, დავით სამადაშვილი და გიორგი ზაქაიძე, რომელიც 80%-იან და 20%-იან წილებს ფლობდნენ. რეესტრის მიხედვით, კომპანიის მთლიანი წილი ამჟამინდელმა მფლობელმა, ლევან გოგოლაძემ 2015 წელს შეიძინა. შექმნის დღიდან კომპანიას 82 ტენდერი აქვს. მოგებული ხელშეკრულებების საერთო რაოდენობა  47 348 011 ლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.