ბლოგები

როგორ დამეხმარა საერთაშორისო კვლევები მასწავლებლის პრაქტიკულ საქმიანობაში?

ავტორი: ნინო ქამხაძე

მასწავლებლებს გვიწევს სკოლაში პრობლემური საკითხების კვლევა. ჩემს კლასში გამოკვეთილი მოსწავლეთა წიგნიერების დონის დაბალი მაჩვენებლის გამო, გადავწყვიტე ეს საკითხი მთლიანად დაწყებით საფეხურზე გამომეკვლია. საჭირო გახდა მეტი ინფორმაცია მიმეღო წიგნიერების შესახებ მსოფლიოს მასშტაბით, ასევე გავცნობოდი მიზეზებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს წიგნიერების დაბალი დონე მოსწავლეებში. სწორედ ამ დროს გვეხმარება საერთაშორისო კვლევები, რომელთა მონაცემებიც არის სანდო და ვალიდური.

ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად, მუშაობა ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების ძიებით უნდა დავიწყოთ, რაშიც განსაკუთრებით დამეხმარა PIRLS საერთაშორისო კვლევა, რომლის მიზანი დაწყებითი კლასების მოსწავლეების (კონკრეტულად მეოთხე კლასის მაგალითზე) წიგნიერების დონის განსაზღვრაა. კვლევით დადგინდა მოსწავლეთა წიგნიერებაზე მოქმედი ფაქტორები:

  • ეროვნული და საზოგადოებრივი კონტექსტი. ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობა და სოციო-ეკონომიკური თანასწორობა.
  • ოჯახური გარემო. მნიშვნელოვანია, თუ რა რესურსები აქვს მოსწავლეს სახლში და რამდენადაა ჩართული მშობელი წიგნიერების დონის ამაღლებაში.
  • სკოლის სტრუქტურა და გარემო. მნიშვნელოვანია, თუ რა რესურსების შეთავაზება შეუძლია სკოლას მოსწავლისათვის. აქ საყურადღებოა ბიბლიოთეკის როლი სასკოლო ცხოვრებაში.
  • კითხვის უნარების განვითარებისათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია უშუალოდ სწავლებისათვის დათმობილი დროის ოდენობა. კვლევა აჩვენებს, რომ აქტივობების სწავლის მიზნების შესაბამისად უნდა დაიგეგმოს და სწავლებისათვის განკუთვნილი დრო ეფექტიანად იქნეს გამოყენებული
  • მოტივაცია. კითხვაში წარმატების მისაღწევად, არსებითი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის მოტივაციას.

კვლევაში გამოკვეთილი წიგნიერებაზე მოქმედი ფაქტორები დამეხმარა ჩემს სკოლაში წიგნიერების დონის ასამაღლებელი აქტივობების დაგეგმვაში. ჩემი მიზანი იყო ისეთი აქტივობები განმეხორციელებინა, რომლებიც კვლევაში ჩამოთვლილ თითოეულ მიმართულებას მოიცავდა.

დაგეგმილი ინტერვენციები:

  1. კითხვის გაკვეთილების ჩატარება ყველა კლასში (მიზნობრივი აქტივობები)
  2. იგავ-არაკებზე შექმნილი კომიქსების კონკურსი (მოტივაცია)
  3. წიგნიერთა კლუბის ჩამოყალიბება (სკოლის როლი წიგნიერების დონის ამაღლებაში)
  4. ბიბლიოთეკით მოსწავლეთა დაინტერესებისათვის ვიზიტი ბიბლიოთეკებში (სკოლის როლი და მოტივაცია)
  5. უფროსებთან წიგნის განხილვის მოწყობა ( მშობელი, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თვითმმართველობის წარმომადგენელი) (ოჯახური გარემო)

ინტერვენციების დაგეგმვის გარდა, კვლევა დამეხმარა ჩემი სკოლის საჭიროების კვლევისათვის კითხვარის შექმნაშიც. ამ კვლევაში გამოყენებულია კითხვარები, რომელთა გაანალიზების შემდე,გ შევქმენი ჩემთვის ხელსაყრელი ვერსია ჩემი რაოდენობრივი კვლევისათვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო კვლევები არ იძლევა მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს. მათი არსებობის მიზანი ბევრად უფრო ფართოა. ამ კვლევების სწორად გაანალიზების შემთხვევაში, შესაძლებელია მათი მიზნობრივი ტრანსფერი საკუთარ პრაქტიკაში.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.