ბლოგები

სწავლა თამაშით – რატომაა აუცილებელი წინა სასკოლო მზაობა პატარებისთვის?

ავტორი: ნინო ტერაშვილი, მზაობის ჯგუფის მასწავლებელი

წინა სასკოლო მზაობის განვითარება საშუალებას აძლევს მასწავლებელს, სამომავლოდ უფრო გააფართოოს და განავითაროს ბავშვების უნარები უფრო სპეციფიკურ ასპექტში.

როცა ბაზისური უნარები ბავშვს განვითარებული და მომწიფებული აქვს, მას უკვე მარტივად და სწრაფად შეუძლია აკადემიური ცოდნის ათვისება. ხოლო ისინი, ვისაც წინა სასკოლო მზაობა არ აქვს გავლილი, სირთულეებს აწყდებიან სკოლაში.

როცა ბავშვს სთხოვენ ისეთი აქტივობის შესრულებას, რომლისთვისაც მისი რომელიმე უნარი არ არის მომწიფებული, ის აწყდება სირთულეებს აკადემიურ სფეროში, რაც ბავშვზე ნეგატიურად აისახება.

ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ თუ ბავშვს შეუძლია საკუთარი სახელისა და გვარის დაწერა, ათამდე დათვლა, ცნობს ფერებს, ეს საკმარისია პირველი კლასისთვის. თუმცა წინა სასკოლო მზაობა ბევრად ფართო უნარების დიაპაზონს მოიცავს – მაგალითად: თავის მოვლის, ყურადღების კონცეტრირების, მეტყველების და სოციალური უნარების, თამაშის, ფიზიკური მზაობის (შეეძლოს გამართულად ჯდომა საგაკვეთილო პროცესის დროს) და სხვა.

მზაობის ჯგუფის მასწავლებელი არ უნდა იყოს ორიენტირებული წერა-კითხვის შესწავლაზე, რადგან შესაძლოა, ბავშვისთვის პირველ კლასში გაკვეთილები უინტერესო და მოსაწყენი გახდეს.

აქტივობები უნდა იყოს მრავალფეროვანი და რა თქმა უნდა, სახალისო. სხვანაირად ბავშვს ვერ დააინტერესებ. ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს როგორც ფიზიკური აქტივობები, რომელიც მოიცავს მსხვილი და წვრილი მოტორული უნარების განვითარებას, ისე გონებრივი სახალისო თამაშები, რომლებიც ავითარებს მეხსიერებას, აუმჯობესებს მეტყველებას და სხვა უნარებს.

ჩვენი მიზანია, სწავლება გავხადოთ ხალისიანი და მივცეთ თამაშის სახე.

აქტივობებისთვის ვიყენებთ უამრავ რესურსს: საძერწი საშუალება, ფანქრები, წყლის საღებავი, ერთჯერადი ჭურჭელი, მეორადი გამოყენების ნივთები (მაგალითად: პლატმასის თავსახურები).

ხშირ შემთხვევაში, თავად მომიფიქრებია აქტივობა. ბავშვებს ძალიან მოსწონთ თამაში – „დაკარგული ასო-ბგერების პოვნა“. ჩავყრი კონტეინერში პლასტმასის ბევრ თავსახურს, რომელშიც დამალულია, მაგალითად, ხუთი ასო-ბგერა. როდესაც იპოვიან, უკვე დაწერილი ანბანის შესაბამისად უნდა დაალაგონ ისინი. ეს ყოველ ჯერზე სახალისო და მამოტივირებელია მათთვის.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველა მშობელმა შეიყვანის შვილი და გაატაროს სასკოლო მზაობა, რათა ბევრად განვითარებული და შეგუებული მივიდეს ბავშვი პირველ კლასში.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.