სტატიები

“არც ტრანსპორტია, არც ბაღი და არც ამბულატორია” – რა ხდება ქვემო ხანდაკში 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დადის, არც საბავშვო ბაღია და არც ამბულატორია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გამო, სოფელი ნელ-ნელა მოსახლეობისგან იცლება. 

“არა საბავშვო ბაღი, არა ამბულატორია, არა ტრანსპორტი. ხალხი გარბის სოფლიდან. დაცარიელდა სოფელი. დარჩა მიწები მოკეთეებს, თვითონ აიშენეს საღორეები, მიწები მოიხსნეს, უბრალო ხანდაკელი გლეხისთვის ტრაქტორი და კომბაინი მიუწვდომელია. ასე, რომ რაც უნდოდათ მიაღწიეს. დაავალეს და გაანადგურეს სოფელი. ხანდაკს პატრონი არც ერთ დროში არ ჰყოლია”, –  ამბობს მადონა ფარსაგაშვილი. 

მისივე თქმით, ბავშვები საბავშვო ბაღში ვერ დადიან და არც ტრანსპორტი ემსახურებათ, რომ მეზობელი სოფლების საბავშვო ბაღში იარონ. 

“არც კი ფიქრობენ, “მარშუტკა” გამოყონ და კავთისხევში მაინც ატარონ ვისაც ევალება. რვა კლასს, რომ ამთავრებენ მშობელმა თავში ქვა უნდა იხალოს და სადმე დაამთავრებინოს სკოლა შვილს, ან ნათესავებისკენ გაამწესონ”, – ამბობს ის. 

“ტრანსპორტი, რომ მოხსნეს ხალხი რაიონში ვერ მიდის, თუ ტაქსი არ გამოიძახა”, – ამბობს მაია ასლამაზაშვილი. 

“მოზაიკამ” კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში სცადა გაერკვია რამდენი და რომელი სოფელია მუნიციპალიტეტში, სადაც საბავშვო ბაღი, სკოლა და ამბულატორია არ არის, თუმცა უწყებისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. მერიამ არც ის დააკონკრეტა, რომელი სოფლებია დაცლის პირას. 

“კასპის მუნიციპალიტეტში 74 სოფელია. კონტინგენტის არ არსებობის გამო ბუნებრივია საბავშვო
ბაღი, სკოლა და ამბულატორია ვერ იქნება ყველა სოფელში. თუმცა კასპის მუნიციპალიტეტის მერია
მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა სოფელი საჭირო სერვისით. კასპის მუნიციპალიტეტში არსებობს მცირე დასახლებით სოფლები, თუმცა დაცლის პირას მყოფი სოფლების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოდან”,
– განმარტეს კასპის მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი