სტატიები

აგარაში სასაფლაომდე მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვენ – რას აპირებს მერია?

ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში სასაფლაოს შემოღობვას და მისასვლელი გზის მოწესრიგებას ითხოვენ.

ადგილობრივები წუხან, რომ სამანქანო გზა მოუწესრიგებელია და სასაფლაომდე მისვლა, ხშირ შემთხვევაში, ფეხით უწევთ. 

“ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, იმხელა ლოდები ყრია, მანქანის დატოვება და ფეხით ასვლა გვიწევს”, – ამბობს ლედი გელაშვილი. 

საუბარია დაახლოებით 500 მეტრი სიგრძის გზაზე, რომლის მოწესრიგებაც, ადგილობრივების თქმით, მერიას არაერთხელ სთხოვეს.

სამანქანო გზის მოწყობასთან ერთად, აგარელები სასაფლაოს შემოღობვასაც ითხოვენ. 

“მხოლოდ გზა არ არის მოსაწესრიგებელი, სასაფლაო მთლიანად უნდა შემოიღობოს, რადგან ძროხებს და ხბორებს აბალახებენ”, – წერს სოციალურ ქსელში თოთრი ელბაქიძე.

“5 – 6 წლის წინ 68 ათასი ლარი რომ იყო გამოყოფილი აგარისათვის მაშინ ვთქვი რომ სასაფლაო შემოღობილიყო მაგრამ უარი თქვეს უფროსებმა”, – წერს კიდევ ერთი ადგილობრივი, იური ლონდარიძე.

მოქალაქეთა მოთხოვნის პასუხად, ქარელის მერის წარმომადგენელი ამბობს, რომ ვითარებას ადგილზე შეისწავლიან, თუმცა თემურ ხმალაძის თქმით, სასაფლაოს შემოღობვა, მდებარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

“მოხრეშვა მოხდება უახლოეს პერიოდში, შევისწავლით ადგილზე და დავიწყებთ სამუშოებს. რაც შეეხება შემოღობვას, ფიზიკურად მისი შემოღბვა ვერ მოხდება, ადგილიდან გამომდინარე”, –  გვითხრა თემურ ხმალაძემ.

როდიდან დაიწყება სამუშაოები და რა თანხა გამოიყოფა გზის მოწესრიგებისთვის, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ადგილობრივების სურვილი გზის მოხრეშვის ნაცვლად, მისი მოასფალტებაა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი