სტატიები

აქვს თუ არა უფლება პოლიციელს მოქალაქეს ფოტო გადაუღოს – იურისტის განმარტება 

რისი უფლება აქვს პოლიციას, როცა ქუჩაში მოქალაქეს აჩერებს? რა წერია კანონში და როგორ ასრულებენ მას სამართალდამცავები ? – ეს კითხვები აქვთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო დროს პოლიციელების მხრიდან ქუჩაში ჩხრეკასა და ფოტოების გადაღებაზე საუბრობენ. 

ლექსო ვალიაური სამმა პოლიციელმა გამთენისაას საკუთარ სახლთან ახლოს გააჩერა, მოსთხოვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუმცა მას აღნიშნული დოკუმენტი თან არ აღმოაჩნდა, ამიტომ სამართალდამცავებს შესთავაზა, რომ ზეპირად ეტყოდა პირად ნომერს, ვინაობასა და სახლის მისამართს. მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა მისთვის ფოტოს გადაღება დაიწყეს, რაზეც ვალიარუმა წინააღმდეგობა გამოხატა, რადგან მიიჩნევს რომ ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა. 

“ვფიქრობ არ არის სწორი, როცა იძულებით გვიღებენ ფოტოებს და სხვადასხვა ჩატში აგზავნიან. ეს არის ჩვენი უფლებების დარღვევა და ამიტომაც არ დავთანხმდი. ამის შემდეგ მათი მხრიდან წამოვიდა აგრესია, ძალით ჩამტენეს მანქანაში, წამართვეს მობილური, ჩამიტარეს უკანონო ჩხრეკა, მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მირტყავდენ მუშტებს და მუჯლუგუნებს, მაგინებდნენ უხამსი სიტყვებით”, – ამბობს ლექსო ვალიაური. 

რა წერია კანონში და რა დროს შეუძლია პოლიციას მოქალაქისთვის ფოტოს გადაღება? 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ალექსი მერებაშვილი განმარტავს, რომ სამართალდამცავები კანონს არასწორად ასრულებენ. მისი აზრით, ისინი ფოტოს გადაღების უფლებას ხშირ შემთხვევაში ბოროტად იყენებენ. 

“თუკი არ აგმოღაჩნდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უახლოეს პერიოდში ვერ მოახერხებ, რომ წარადგინო, ან თუ მიგამსგავსეს რომელიმე ძებნილ პირს, ამ შემთხვევაში შეუძლიათ ფოტოს გადაღება, თუმცა ამავე დროს უნდა შეადგინონ შესაბამისი ოქმიც. ამ ყველაფერს მისცეს ძალიან ცუდი პრაქტიკული მიმართულება. არ აძლევენ ადამიანებს საშუალებას, რომ წარმოადგინონ პირადობის მოწმობა, ნებიესმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, აქვთ ეჭვი თუ არა, პირის ძებნილობასთან დაკავშირებით, მაინც უღებენ ამ ფოტოებს და აგზავნიან პირად ჩატებში. არ ვიცი ეს რა დავალებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას ხშირად აკეთებენ და ბევრი მოქალაქისგან ისმის ეს პრეტენზიები. რაც მთავარია, არ ადგენენ შესაბამის ოქმს, რომ შემდეგ ვამტკიცოთ, რომ მათი ეს ქმედება იყო უკანონო”, – განმარტავს ალექსი მერებაშვილი. 

ინფორმაციისთვის, გორელმა პოლიტიკოსმა, ლექსო ვალიურმა პოლიციელები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, სამმა სამართალდამცავმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

“მირტყამდნენ და მაგინებდნენ” – ლექსო ვალიაური პოლიციას ძალადობაში ამხელს 

დატოვეთ კომენტარი