ბლოგები

როგორ ვიყენებ ითვინინგს (eTwinning) ინგლისური ენის სწავლებისას?

ავტორი: ლალი ქურდაძე, მასწავლებელი

XXI საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაა. ჩვენ, პედაგოგებს “ციფრული თაობის’’ წარმომადგენლებთან გვიწევს ურთიერთობა. ეს ის თაობაა, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცის  და ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებში. ამ სიკეთეს თან ახლავს ბევრი საფრთხეებიც, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე  აქტიურად ჩამერთო მოსწავლეები ისეთ საწავლო პროექტებში, რომლებიც ხელს შეუწყობდა მათი  ციფრული ცნობიერების ამაღლებას.

უკვე მერამდენე წელია, ერთობლივ პროექტებს ვახორციელებ თურქ და უკრაინელ პარტნიორ კოლეგებთან ერთად ითვინინგის (eTwinning) პორტალზე. 

რა არის  ითვინინგი (eTwinning)?

eTwinningplus- ეს არის ქართველ და ევროპელ მასწავლებელთა დამეგობრების პროგრამა, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკომისიის დახმარებით 2013 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა ქართველ და ევროპელ მასწავლებლებს შორის კომუნიკაციის დამყარებასა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

პორტალი მასწავლებლებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობს. ესენია: ონლაინტრენინგები, ვებინარები, სხვადასხვა ტიპის ვორქშოფები, კონფერენციები და შეხვედრები. პორტალზე მუშაობისას, მასწავლებლებს სჭირდებათ ფლობდნენ გარკვეულ უნარებს, ცოდნას, თუ როგორ გამოიყენონ სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტები, რათა ინფორმაცია პორტალზე მრავალფეროვნად განათავსონ, რაშიც გამოცდილი  ტრენერების გუნდი გვეხმარება.

პორტალზე ხორციელდება როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო სასწავლო პროექტები.

რა პროექტები განვახორციელეთ პროგრამის ფარგლებში?

ჩვენი 3 საერთაშორისო პროექტი, რომელიც ჩემს კოლეგასთან, მარიკა ჩიტაძესთან ერთად განვახორციელე ‘’ციფრული ბალანსი’’, ‘’შეისწავლე ტექნოლოგიების სამყარო’’და‘’მწვანე დამცველი’’ დაჯილდოვდა  ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნებით. სკოლამ მოიპოვა ითვინინგის სკოლის ტიტული.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა განახორციელეს უამრავი აქტივობები სხვადასხვა ვებ.ინსტრუმენტების გამოყენებით:

  • მოისმინეს ვებინარი ციფრულ უსაფრთხოებაზე; 
  • შექმნეს კიბერ ლექსიკონი;
  • ჩაატარეს ექსპერიმენტი – ერთი დღე მობილურის გარეშე;
  • ისწავლეს, რა არის დეზინფორმაცია და როგორ გამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია; 
  • შექმნეს ანიმაციები და ჩაწერეს სხვადასხვა შინაარსის ვიდეო რგოლები;
  • ისაუბრეს ხელოვნურ ინტელექტზე; 
  • გააკეთეს პრეზენტაციები;
  • სკოლაში მოაწყეს eTwinning კუთხე.

ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობების, რომლებიც ერთობლივად და დამოუკიდებლად განხორციელდა პროექტების ფარგლებში.

პროგრამის თანმდევი სიკეთეები ჩემი მოსწავლეებისთვის:

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მე ვხედავდი, როგორ იზრდებოდა მოსწავლეებში მოტივაცია, მათი ჩართულობა და ინტერესი უფრო მეტის სწავლის და კეთების.

  • უნდა აღინიშნოს, რომ  კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მიხარია, რომ  ენობრივი ბარიერი არ არსებობდა.
  • მსგავსი სასწავლო პროექტები ავითარებს ისეთ მაღალ სააზროვნო უნარებს, როგორიცაა შემოქმედებითობა, კრეატიულობა, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრის გზების ძიება. 
  • მოსწავლეებში ზრდის  პასუხისმგებლობის გრძნობას და  მათ უფრო მობილიზებულებს ხდის. მოსწავლეები სწავლობენ გუნდურობას და თანამშრომლობას, სხვისი აზრის მოსმენას, იდეების გაზიარებას.

ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის. მოსწავლეებს მივცეთ სწორი მიმართულება, რომ მათ არა მხოლოდ ცოდნა დააგროვონ, არამედ ის აუცილებელი უნარ-ჩვევებიც შეიძინონ, რაც მომავალში მათ წარმატებულებს გახდის და საზოგადოების ღირსეულ წევრებად ჩამოაყალიბებს.

დავიწყეთ  ახალი პროექტი, რომელიც ინოვაციებს ეხება. ჩვენი პარტნოირები არიან თურქეთის, უკრაინის და საფრანგეთის  სკოლის მოსწავლეები. ვარ პროექტის თანაავტორი . წარმატებით დავიწყეთ და ველოდებით ახალ გამოწვევებს.

ვინც ჯერ არ სარგებლობს ითვინინგით შეგიძლიათ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია, დარეგისტრირდეთ და ისარგებლოთ: https://www.facebook.com/eTwinningGeo

დატოვეთ კომენტარი