ბლოგები

პროფესიული განათლება – მოკლე გზა დასაქმებისკენ

ავტორი: ანა დათუაშვილი, პროფესიული კოლეჯი "განთიადის" დირექტორი

პროფესიული განათლება საგანმათლებლო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტია, რომელსაც ყველაზე დიდი როლი აქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ესაა შესაძლებლობა, შევიძინოთ პროფესია ნებისმიერ ასაკში, სრულიად უფასოდ და გავხდეთ პროფესიონალი.

პროფესიონალიზმი კი, მოგეხსენებათ, დასაქმებისა და ღირსეული ცხოვრების გარანტიაა, ბევრი პროფესიონალი კი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა.

ჩვენში  ჯერ კიდევ გარკვეული სტერეოტიპებია პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, რამაც ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მომხიბვლელობა და ნამდვილი ღირებულება დაუკარგა პროფესიულ განათლებას.

მაგრამ დღეს, როდესაც უკვე ყველაფერს ბაზარი არეგულირებს,  მნიშვნელოვანი  დიპლომის ქონა კი არა,  პრაქტიკული უნარებია.  პროფესიონალები ყველა ქვეყანაში პატივსაცემი ადამიანები არიან,  არასოდეს ეშინიათ კონკურენციის, შემცირებებისა და უმუშევრობის.

რა უნდა ვიცოდეთ პროფესიული პროგრამების შესახებ?

პროფესიული პროგრამები ძირითადად პრაქტიკულ უნარების განვითარებაზეა ორიენტირებული და სასწავლო კურსის 50/60 პროცენტი ხორციელდება რეალურ გარემოში, როგორც კოლეჯის, ისე პარტნიორი ორგანიზაციების ბაზაზე.

პროფესიული პროგრამის სტუდენტები სწავლობენ კეთებით და ამიტომ მათი ცოდნა მყარია და საფუძვლიანი.

კოლეჯების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა სრულიად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, რადგან პროგრამებიც და ხარისხის შეფასების სტანდარტებიც სწორედ ევროპული გამოცდილებით და ევროკავშირის დახმარებით იქმნება და სწორედ ამიტომ ავტორიზებული კოლეჯის დიპლომი ერთნაირად რელევანტურია როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს შრომის ბაზარზე.

სიახლე პროფესიულ პროგრამებში?

ბოლო ორი წელია, პროფესიულ პროგრამებს დაემატა ინტეგრირებული სასწავლო პროგრამები, რომლის ფარგლებშიც მეცხრე კლასის ბაზაზე ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება ეძლევა პროფესისთან ერთად აითვისოს სრული საშუალო განათლების პროგრამა და მისი დიპლომი გაუთანაბრდება სასკოლო ატესტატს.

ეს კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ახალგაზრდებისთვის, შეიძინონ პროფესია და ამავდროულად სწავლის გაგრძელების საშუალება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში.

ერთი ინტეგრირებული სადიპლომო პროგრამა  ‘’შემდუღებელი“ არსებობს კოლეჯ “განთიადშიც”, რომელსაც პროფესიული მიმართულებით სულ 13 სადიპლომო პროგრამა და 6 სასერთიფიკატო პროგრამა აქვს. 

რატომაა პროფესიული პროგრამების პოპულარიზაცია საჭირო?

სასურველია, გაცილებით სერიოზულად გავიაზროთ პროფესიული განათლების არსი და ისიც, რომ პროფესიული განათლება გაცილებით მოკლე დროში იძლევა დასაქმების შესაძლებლობას და ხელს არ უშლის უმაღლესი განათლების მიღებას.

ამ მიზნით, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მაგალითად, “განთიადს” ჰყავს პროფორიენტაციის  და კარიერის დაგეგმვის  მენეჯერი, რომელიც რეგულარულად  გადის  სკოლებში, ხვდება სკოლის მოსწავლეებს და აცნობს მათ პროფესიული განათლების მომხიბვლელობას, კოლეჯის პროგრამებს დასაქმების ბაზარს და ა.შ.

საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები ხშირად  მოდიან  ექსკურსიაზე კოლეჯში. სკოლებთან ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს, როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე  უნარების სააგენტოს დაფინანსების ფარგლებში. რამდენიმე წელია, ჯერ პროფესიული განათლების დეპარტამენტის, ხოლო შემდეგ პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით,  სკოლებში ხორციელდება პროფორიენტაციული ხასიათის შრომის გაკვეთილები.

აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ბევრი უმაღლესი განათლების მქონე ადამიანი მოდის კოლეჯში, რათა შეიძინოს მისთვის სასურველი ახალი უნარები და შექმნას საკუთარი ბიზნესი, რის შესაძლებლობასაც სწორედ პროფესიული განათლება იძლევა.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები